პიოლი: “თუ თავს კარგად დავიცავთ, თამაშს მოვიგებთ“
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „რომა“ „მილანს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა პიოლიმ?
„ეს ნამდვილად მაღალი დონის მატჩი იქნება. დეტალებზე გაცილებით მეტი უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე გასულ ხუთშაბათს. ჩემს გუნდს ბოლომდე ვენდობი. ხვალ ნახევარფინალში გასვლის შანსი გვაქვს. მომავალ წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე ისევ ვითამაშებთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია.
თუ თავს კარგად დავიცავთ, მაშინ თამაშს მოვიგებთ. წინა თამაშის წაგება შემაშფოთებელი იყო. „რომასთან“ მატჩს თავიდან ბოლომდე ვუყურეთ და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელებს ამ თამაშის მნიშვნელობა კარგად ესმით. ისინი ყველაფრისთვის მზად არიან. პირველი მატჩის სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. „რომა“ გარკვეულ დეტალებში ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ წვრილმანებს აუცილებლად გავაუმჯობესებთ.
რაფაელ ლეაო გამუდმებით უმჯობესდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ის გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვიგებთ, როგორც გუნდი და ვაგებთ, როგორც გუნდი. „მილანი“ არასდროს ყოფილა ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი რაუნდის დაპირისპირება „ჯალოროსის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე მანსინიმ გაიტანა. „რომასა“ და „მილანის“ მომავალი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.