ბათუმის დინამო, გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო
Aa
Aa

„სანამ ომია, არ დაბრუნდება“ - უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილზე

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, იგორ ციგანიკმა საკუთარ იუთუბ-არხზე გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დამატებით უკრაინული კლუბი არის დაინტერესებული, თუმცა, ქართველი შემტევი უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნებას არ აპირებს.

რას ამბობს ციგანიკი:

„პოლისა“ ნამდვილად არის დაინტერესებული წიტაიშვილით და მის გარდა არის რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია. ამბიციები დიდია, მაგრამ სანამ უკრაინაში ომი იქნება, წიტაიშვილი აქ არ დაბრუნდება. ის საზღვარგარეთ, რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობას ეძებს.

ახლა საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ზე ითამაშებს. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მან თავი გამოიჩინოს და რომელიმე კლუბის ყურადღება მიიქციოს. თუკი ფეხბურთელი ფიფას მიერ, კონტრაქტის შეჩერების თაობაზე მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს, ის საზღვარგარეთ წავა.

სხვა შემთხვევაში, მას „დინამოში“ დაბრუნება მოუწევს. გულწრფელად რომ გითხრათ, მისი დაბრუნებით „დინამო“ ბედნიერი უნდა იყოს. მარცხენა ფლანგზე მას დიდი კონკურენციის შექმნა შეუძლია. ამ ეტაპზე, მისი კონტრაქტი კვლავ კიეველებს ეკუთვნით. „პოლისა“ ნამდვილად არის დაინტერესებული, მაგრამ მათთვის წიტაიშვილის დამატება მარტივი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აღზრდილია, თუმცა, პირველ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია, რის გამოც პროფესიონალური კარიერის დიდი ნაწილი სხვადასხვა გუნდებში განათხოვრებით გაატარა. ქართველი ფეხბურთელი ახლა ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

წიტაიშვილმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ევრო 2024-ზე მოხვედრაც იზეიმა.

„ჟიტომირ პოლისა“ უკრაინის პრემიერ ლიგის 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ევროტურნირების ზონაში მყოფ კიევის „დნიპროს“ 5 ქულით ჩამორჩება. „პოლისას“ შიდაჩემპიონატში 24 მატჩი აქვს გამართული, აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვა, 7-ში დამარცხდა, 6-ჯერ კი ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“