„ჯარიმა არ ყოფილა“ | ყოფილი მსაჯების კომენტარი არაუხოს გაძევების ეპიზოდზე
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ფრანგებმა საკუთარ კედლებში 2:3 წააგეს, სტუმრად კი 4:1 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს. განმეორებითი მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 29-ე წუთზე ვიხილეთ, როცა რონალდ არაუხომ ბრედლი ბარკოლა წააქცია და მთავარმა არბიტრმა, იშტვან კოვაჩმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
არაუხოს მომენტთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიციები ყოფილმა მსაჯებმა, იტურალდე გონსალესმა და პაველ ფერნანდესმა დააფიქსირეს. მათი აზრით, „ბლაუგრანას“ ფეხბურთელს წესები არ დაურღვევია და წითელს არ იმსახურებდა.
„წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კოვაჩს არაუხო უნდა გაეძევებინა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმასთან გვაქვს საქმე. საკითხავი ისაა, წესების დარღვევა იყო თუ არა. ურუგვაელმა ბარკოლას მხარზე ხელი დაადო და არ მგონია, რომ მისი წაქცევა ამას გამოეწვიოს“,- განაცხადა ფერნანდესმა.
„არაუხო ბარკოლას მხარზე ხელს ადებს და ბურთისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, რა დროსაც ბარკოლა ეცემა. ჩემი აზრით, ეს ჯარიმა არ ყოფილა. მსაჯს წესების დარღვევა რომ დაეფიქსირებინა, წითელი ყველა ვარიანტში უნდა მიეცა“, - დასძინა, იტურალდემ.
შეგახსენებთ, რომ კოვაჩი „ბარსას“ თავკაცმა, ჩავი ერნანდესმაც გააკრიტიკა. ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის წარუმატებლობა მთავარ არბიტრს დააბრალა და განაცხადა, რომ მისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა „ბლაუგრანა“ ტურნირის მიღმა დატოვა.