„აიაქსში თავდამსხმელად რომ ეთამაშა, 20 გოლს გაიტანდა“ | ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
ავტორიტეტული ნიდერლანდური გაზეთის, Voetbal International-ის ჟურნალისტმა, სულეიმან იოზთურქმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. იოზთურქმა „აიაქსიდან“ „მეცში“ განათხოვრებულ თავდამსხმელს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ მას ამსტერდამულ კლუბში საკუთარ პოზიციაზე რომ ეთამაშა, ერედივიზიეში 20 გოლს გაიტანდა.
„მიქაუტაძე აიაქსში თავდამსხმელის პოზიციაზე რომ ათამაშო და აგრძნობინო, რომ მისი გჯერა, ერედივიზიეში 20 გოლს ისიც გაიტანს. მისი მოსვლისას ნომერ პირველი ცენტრფორვარდი ბრაიან ბრობი იყო და გიორგის მოუწია, მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე ეასპარეზა. ამსტერდამულ კლუბში, მით უმეტეს არანიდერლანდელ ფეხბურთელებთან მიმართებით, რაღაც ნამდვილად მოხდა, რის შემდეგაც მათ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს აიაქსს არ უნდოდა, რომ ისინი გუნდში ყოფილიყვნენ.
ჩემი აზრით, შესანიშნავი რამაა, მიქაუტაძე მეცში ზამთარში რომ გადავიდა და თვითრწმენის არ ქონის მიუხედავად, 7 გოლი რომ გაიტანა. ალბათ, მეცს უმაღლეს დივიზიონში დატოვებს კიდეც. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მისი აიაქსში ტრანსფერი ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო, მაგრამ სკაუტების პოზიციაც მესმის, რადგან როცა გიორგის თამაშს უყურებ, შენს თავს ეუბნები: „ღმერთო, რა ნიჭიერი ბიჭია“.
მიქაუტაძე პატარა სივრცეებში კარგად მოქმედებს, გოლები მარტივად გააქვს, საკუთარი თავის სჯერა, მზადაა თავდაუზოგავად იმუშაოს და ბურთის მისაღებად უკან დაიხიოს. გიორგი შესანიშნავი ფეხბურთელია. სადღაც წავიკითხე, რომ აიაქსი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს და ასეთ მოთამაშეებზე უარს ამბობს, მაგრამ უსინათლო ხარ თუ ვერ ხედავ, რომ ეს ბიჭი ნიჭიერია. მჯერა, მეცის გავარდნის შემთხვევაში, ახალ კლუბს ერთ კვირაში იპოვის“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და „ლანსთან“ და „ბრესტთან“ დუბლებით გამოირჩა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას „ლე ჰავრთან“ გამართავს და გიორგის შანსი აქვს, „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლიგა 1-ის ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლს გაიფორმებს.