ედინ ტერზიჩი, დიეგო სიმეონე, ნიკლას ფულკრუგი
Aa
Aa

ბედნიერი და ამაყი ვარ - ტერზიჩის, ფულკრუგისა და სიმეონეს შეფასებები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საპასუხო მატჩში „დორტმუნდმა'' შინ მადრიდის „ატლეტიკო'' 4:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს შეხვდება. 

პირველი ტაიმი ბრანდტისა და მატსენის გოლებით „დორტმუნდმა'' 2:0 მოიგო. შესვენების შემდეგ მატს ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც ანხელ კორეას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა, თუმცა „დორტმუნდმა'' ხასიათი აჩვენა, ფულკრუგისა და ზაბიცერის გოლებით მოიგო - 4:2. მადრიდში გამართული შეხვედრა სიმეონეს გუნდის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

2013 წლის შემდეგ „დორტმუნდი'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.

ედინ ტერზიჩი: „საოცრად ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ. სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო. 2 გოლი გავუშვით, თუმცა სიძლიერე ვაჩვენეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ამაყი ვარ რომ ასეთი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ’’.

ნიკლას ფულკრუგი: „საოცრად ბევრი ვიშრომეთ, თითოეული მეტრისთვის ვიბრძოდით. ასეთ დონეზე აქამდე არასდროს მითამაშია. ვამაყობ რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით. პსჟ-სთან რაღაცები განსხვავებული იქნება ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე იყო’’.

დიეგო სიმეონე: „მატჩის ბოლომდე ვეცადეთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. 2:2-ზე „დორტმუნდმა’’ კარგი რეაქცია აჩვენა, მათ გაიმარჯვეს, რადგან მეორე სართულზე გვაჯობეს. მაქსიმალურად ვეცადეთ რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით, დიდი ძალისხმევა გავიღეთ, მაგრამ როცა მეტოქე უკეთესია, მას გამარჯვება უნდა მიულოცო’’.

დორტმუნდი - პსჟ-ს პირველი შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება, საპასუხო მატჩი - 7 მაისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები