ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გამოცემა Napolimagazine-ს ფიფა-ს იტალიელი აგენტი ფრანკო კამოცი ესაუბრა.
რა თქვა კამოციმ?
„საქართველოსთან ურთიერთობა ბუნებრივად დაიწყო. ადამიანი, რომელიც ჩემთან თანამშრომლობს ადრე კახა კალაძეს ეხმარებოდა. საუბარი ლორენცო ციპრიანიზეა. სწორედ მასთან ერთად დაიბადა საქართველოსთან ეს ლამაზი კავშირი. ამ ქვეყანასთან მუშაობა სასიამოვნო და მომგებიანია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ოთარ კიტეიშვილთან, გაბრიელ სიგუასთან, ლუკა ლოჩოშვილთან.. მათთან ერთად სხვა უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი არსებობს, რომლებიც, იმედია შეძლებენ მნიშვნელოვანი ეტაპების გადალახვას.
პრობლემები ფეხბურთელების წაყვანასთან დაკავშირებით? პირველ რიგში პასპორტის პრობლემებს ვეჩეხებით. ისინი არ არიან ევროპელები და შესაბამისად ევროკავშირის მოქალაქეებად არ ითვლებიან. ეს არის შემზღუდველი ფაქტორი. პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთელები მაქსიმალურად დიდ ხანს უნდა დარჩნენ სამშობლოში, რადგან უნდა გაიზარდონ და შემდეგ მათი ფასიც აიწევს. იტალიურ გუნდებს უჭირთ ფსონის დადება გაბრიელ სიგუას ასაკის ფეხბურთელებზე. სამაგიეროდ, „ბაზელი“ აგრძელებს ახალგაზრდებთან მუშაობას.
კვარაცხელია? მასთან ერთად ჯერ კიდევ რუსეთში ვმუშაობდი. იმ პერიოდში მას კარგად ვიცნობდი. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. აშკარა იყო, რომ მას რუსეთის ჩემპიონატზე გაცილებით დიდი პერსპექტივა ჰქონდა. კვარაცხელია ნებისმიერ კონტექსტში საკუთარ თავს იდეალურად წარმოადგენს. ბრწყინვალე უნარები აქვს და როგორც ლოჩოშვილი გვეუბნება უშუალო და მეგობრული ადამიანია.“
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა საბა საზონოვი(ტორინო), საბა გოგლიჩიძე(ემპოლი), ივა გელაშვილი(სპეცია), გიორგი კვერნაძე(ფროზინონე), ლუკა ლოჩოშვილი(კრემონეზე) თამაშობენ.
რაც შეეხება კვარას მომავალს, მას ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, ფრანგული გიგანტი ვიქტორ ოსიმენის და კვარაცხელიას ერთად გადაბირებას გეგმავს.
რამდენიმე დღის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ პსჟ ჯანლუიჯი დონარუმას ასპარეზობით უკმაყოფილოა და თვალი გიორგი მამარდაშვილს დაადგა. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ საკმაოდ ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.