ტომას ტუხელი
Aa
Aa

გამოცდილება და ქომაგების ფაქტორი | რა თქვა ტუხელმა არსენალთან მატჩამდე

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა „არსენალთან“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა და ნახევარფინალისტის ვინაობას „რეკორდმაისტერი“ და „მეთოფეები“ ხვალ გაარკვევენ.

„მოგვიწევს, მაქსიმუმი გავიღოთ. დაგვჭირდება ენთუზიაზმი და ტაქტიკური დისციპლინა, რომლებიც პირველ შეხვედრაში ვაჩვენეთ. უნდა გავიმარჯვოთ. იმედი გვაქვს, სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იქნება, როგორიც ლონდონში იყო. თითოეული ქომაგის მხარდაჭერა დაგვჭირდება და მათ მუხტი უნდა მოგვცენ. განსაკუთრებით, საკადრო პრობლემების გათვალისწინებით.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს გამოცდილებას თუ მივიღებთ მხედველობაში, მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ უმაღლესი დონის თამაშის ჩვენებაა საჭირო, რათა მცირე უპირატესობა დიდად აქციო. ერთი მატჩი გვჭირდება, რათა ამ საოცარ ტურნირზე წინ სერიოზული ნაბიჯი გადავდგათ. ყველაფრის გასაკეთებლად მზად ვართ და თუ გამოცდილება 5-პროცენტიან უპირატესობას მოგვცემს, ბედნიერი ვიქნებით.

არსენალი არაა გუნდი, რომელიც ერთი ტაქტიკით თამაშობს. პირველ მატჩში სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს, ჩვენ კი მაქსიმალურად კონცენტრირებული ვთამაშობდით. კარგი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმია დასრულებული. განმეორებით შეხვედრაშიც იგივე უნდა გავაკეთოთ და იმედია, საკუთარი კედლები გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „არსენალის“ დაპირისპირებას ხვალ, თბილისის დროით, 23:00-ზე ვიხილავთ. პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კედლებში „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს სურს“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე
„მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს სურს“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე