ახალი ცნობები კვარას კონტრაქტზე | რას წერს Il Mattino
Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ნეაპოლური გაზეთი წერს, რომ „ნაპოლი“ „კვარასთან“ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და თანამშრომლობის გაგრძელებას სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გამოაცხადებს.
იტალიურ პრესაში იწერებოდა, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელები და კვარაცხელიას წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავდნენ. Il Mattino-ს მტკიცებით, ვითარება შეიცვალა და მათ საერთო ენა უკვე გამონახეს, რაც მალე ოფიციალურადაც დადასტურდება.
ნეაპოლური გაზეთის მიხედვით, კვარაცხელიას ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსები დაემატება. „პარტენოპეის“ სურს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა ჩაწეროს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხა 130-დან 150 მილიონამდე იქნება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 10 გოლი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ბოლო ტურში, მან „ფროზინონეს“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ცნობილმა სააგენტომ, Sofascore-მა სერია A-ს ტურის სიმბოლურში შეიყვანა.