პალმერის ბენეფისი - ახალგაზრდა ინგლისელი ჰოლანდს დაეწია
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა „ჩელსისა“ და „ევერტონს“ შორის კოულ პალმერის ბენეფისად გადაიქცა. „არისტოკრატებმა“ მეტოქე „სტემფორდ ბრიჯზე“ 6-0 დაამარცხეს, ექვსიდან ოთხი ბურთი კი 21 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზეა. მასპინძლები შესვენებაზე ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდნენ - პალმერის ჰეთ-თრიკს, ერთი ბურთი ნიკლას ჯექსონმაც დაუმატა. მეორე ტაიმში კოულმა ზუსტი 11-მეტრიანითაც გამოიჩინა თავი, რომლის შესრულებაზეც „ჩელსის“ რამდენიმე ფეხბურთელს შორის კინაღამ სერიოზული კონფლიქტი მოხდა და საბოლოოდ, პალმერმა ბურთი ხელში კაპიტნის, გალაჰერის დახმარებით ჩაიგდო. კიდევ ერთი გოლი კი შეცვლაზე შესული ალფი გილკრისტის ანგარიშზეა.
პალმერი „კანფეტებთან“ შესრულებული პოკერის შემდეგ ერლინგ ჰოლანდს დაეწია და 20 გოლით პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში ნორვეგიელთან ერთად პირველობას იყოფს. გარდა ამისა მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაცაა და გოლს პლუს პასის სისტემით ჩემპიონატში მისნაირი შედეგი მხოლოდ „ასტონ ვილას“ ფორვარდს ოლი უოტკინსს (19 გოლი, 10 საგოლე პასი) აქვს. მთლიანად სეზონში პალმერის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში 25 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. ის პირველი ფეხბურთელია „ჩელსის“ ისტორიაში უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, რომელმაც პოკერი შეასრულა - ბოლოს ეს 2010 წლის მარტში „ასტონ ვილასთან“ ფრენკ ლამპარდს ქონდა გაკეთებული.
რაც შეეხება „ჩელსის“, გუნდი ბოლო პერიოდში არაჩვეულებრივ ფორმაში შევიდა და ზურგს 8-მატჩიანი (5 მოგება, 3 ფრე) წაუგებელი სერია უმაგრებს. თუმცა, არისტოკრატებს წინ ორი ურთულესი გამოცდა ელით - 20 აპრილს ისინი ინგლისის ასოციაციის თასზე გასვლაზე „მანჩესტერ სიტის“ შეხვდებიან, სამი დღის შემდეგ კი პრემიერ ლიგაში „არსენალთან“ ასევე სტუმრად ლონდონურ დერბის გამართავენ.
ჩელსი 6-0 ევერტონი: