ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგი - როგორია ქართველების პოზიციები
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამი თვით ადრე საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამი, ბერძნულ-რომაულში კი ერთი ლიცენზია აქვს. „პარიზი 2024“-ზე გამოსვლა გარანტირებული გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილს, გენო პეტრიაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ძირითადი აქცენტი წლის მთავარ სპორტულ მოვლენაზე ოლიმპიადაზეა გაკეთებული, ბუნებრივია მაინც საინტერესოა ქართველი მოჭიდავეები თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში რომელ პოზიციაზე არიან.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საუკეთესო შედეგი გენო პეტრიაშვილს აქვს - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს ჩამორჩება. მესამე პოზიციას იკავებს 79 კილოგრამში ვლადიმერ გამყრელიძე და მასზე წინ რუსი აჰმედ უსმანოვი და ირანელი მოჰამად ნოხოდილარიმი არიან. შოთა ფარტენაძე (61 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გივი მაჭარაშვილი მეოთხე ადგილებზე არიან. შედარებით დაბალ პოზიციებზე არიან 57, 70 და 79 კილოგრამ წონით კატეგორიებში რობერტ დინგაშვილი (მე-15 ადგილი), აკაკი ქემერტელიძე (მე-9 ადგილი) და ავთანდილ კენჭაძე (მე-9 ადგილი). რაც შეეხება 65 კილოგრამს, მართალია რეიტინგში შედარებით მოწინავე პოზიცია ედემი ბოლქვაძეს (23-ე ადგილი) უჭირავს, თუმცა ლიცენზია მასზე ქვემოთ მყოფმა გოდერძი ძებისაშვილმა (28 კგ) მოიპოვა. 74 და 86 კილოგრამ საწყის ოცეულში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.
ისევე როგორც თავისუფალ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც ორ წონაში, 72-სა და 97 კილოგრამში ოცეულში ქართველი არ ფიგურირებს. თუმცა, ბაქოში მიღწეული წარმატების შემდეგ, 97-ში რობერტ კობლიაშვილის სერიოზული პროგრესია მოსალოდნელი. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ გვყავს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი თავის წონაში ლერი აბულაძე (63 კგ), თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით მას ლიცენზია არ მოუპოვებია. აბულაძის შემდეგ, „კლასიკოსებიდან“ საუკეთესო შედეგი ქართველებიდან ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) აქვს, რომელიც მეორე პოზიციაზეა. 77 და 130 კილოგრამში იური ლომაძე და იაკობ ქაჯაია მეექვსე ადგილს იკავებენ, ჯონი ხეცურიანი (67 კგ) კი მეცხრეა. მეათე პოზიციაზე რჩებიან 60 და 82 კილოგრამში ფრიდონ აბულაძე და გელა ბოლქვაძე. რაც შეეხება აჩიკო ბოლქვაძეს (87 კგ), ის მეთექვსმეტეა.