ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ლევან კობიაშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ივო შუშაკი, პეტარ სეგრტი
Aa
Aa

კვარაცხელიას და ფრანგი მწვრთნელის ეფექტი - ხორვატების სტატია საქართველოს ნაკრებზე

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მიერ მიღწეულმა ისტორიულმა წარმატებამ არამხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ კონტინენტზეც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. გუშინ კი ქართველ ფეხბურთელებნსა და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ვრცელი სტატია ერთ-ერთმა ხორვატულმა ვებ-გვერდმა მიუძღვნა

„საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ საფეხბურთო ტურნირზე ისტორიაში პირველად მოხვდა. ევროპის მეჩვიდმეტე ჩემპიონატზე, რომელსაც მომავალ ზაფხულს გერმანია უმასპინძლებს, ქართველები F ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნება. ისტორიულ წარმატებას გუნდმა მარტის ბოლოს მიაღწია, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს, ფინალში კი საბერძნეთს აჯობა.

როდესაც ნიკა კვეკვესკირმა მეხუთე, გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ევროპის პირველობის საგზური გაუნაღდა, გადაჭედილ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დაწყებული ზეიმი თბილისის ქუჩებში გაგრძელდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ზეიმის ამსახველი ვიდეოები, თითოეული ქართველის სახეზე კი უდიდესი სიხარული იყო გამოსახული. ეს იყო ისეთი ზეიმი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2018 წელს განიცადა, როდესაც რუსეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების გზა ევრო 2024-მდე იყო გრძელი და რთული. ქართველების გამარჯვების შემდეგ კი, უეფას ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ ამაყობდნენ, ახალი ტურნირის, ერთა ლიგის ჩამოყალიბების გამო, რადგანაც ამ შეჯიბრების შექმნის მთავარი იდეა იყო სწორედ ის, რომ საქართველოსნაირი პატარა საფეხბურთო ქვეყნებიც მოხვედრილიყვნენ დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც ჩვენმა ხორვატიამ თურქეთის, უელსის, სომხეთისა და ლატვიის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საგზური ავტომატურად მოიპოვა, ქართველებმა ესპანელებს, შოტლანდიელებსა და ნორვეგიელებს ვერ აჯობეს, ბოლოსწინა პოზიციაზე გავიდნენ და მთელი ყურადღება ერთა ლიგისკენ გადაიტანეს. იქ კი ჯგუფური ეტაპი ვილი სანიოლის მომზადებულმა ნაკრებმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა და უკან ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთისა და გიბრალტარის გუნდები მოიტოვა.

რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების წარმატება? ამის უამრავი წინაპირობა არსებობდა და საუბარიც დეტალურად შეიძლება. ლევან კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქართული ფეხბურთი ბევრ ასპექტში განვითარდა და აქცენტი ბავშვთა ფეხბურთისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაკეთდა. 2017 წელს ქვეყანამ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მიიღო და როდესაც საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდა, გუნდის თამაშს 25 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. გასულ წელს საქართველო უკვე ევროპის 21-წლამდე პირველობის მასპინძელი იყო და დასწრების მხრივ ამ ტურნირის ყველა დროის რეკორდიც სწორედ თბილისში დამყარდა. 2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც პრეზიდენტად კობიაშვილი აირჩიეს, 2021 წლამდე საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

რა შეიძლება ითქვას ქვეყანაზე? საქართველო მოსახლეობით ხორვატიაზე თითქმის ორჯერ დიდია (3 მილიონ 700 ათასი), აქედან მესამედი კი დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს. იდეოლოგიურად ქვეყანა დასავლური ღირებულებების ერთგულია, რის გამოც მეზობელ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. 1991 წელს საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო, რომლის მმართველობის ქვეშაც თითქმის 70 წელი ცხოვრობდა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კიდევ უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1990 წლის 15 თებერვალს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ეროვნული ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი იყო. ფედერაციის სათავეში კობიაშვილი 2015 წელს მოვიდა, 2023 წელს კი მესამე ვადით აირჩიეს თანამდებობაზე.

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თითქმის 15 მწვრთნელი გამოიცვალა და მათ შორის ყველაზე ცნობილი იოჰან ბოსკამპი და ექტორ რაულ კუპერი იყვნენ. ამ ქვეყნის ნაკრებს სხვადასხვა დროს ასევე ამზადებდნენ ხორვატი სპეციალისტები ივო შუშაკი (2003 წელს) და პეტარ სეგრტი (2008 წელს), რომელიც გარკვეული პერიოდი ახალგაზრდულ გუნდსაც ავარჯიშებდა. ისტორიულ წარმატებამდე კი გუნდი ვილი სანიოლმა მიიყვანა, რომელიც 2011-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების ტექნიკურ დირექტორად და მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. იქ დაგროვებული გამოცდილების ხარჯზე, ორწელიწადნახევარი „ბორდოში“ მეტ-ნაკლები წარმატებით იმუშავა და კლუბი ლიგა 1-ში მეექვსე ადგილზე და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, საქართველოს ნაკრები კი სამწვრთნელო ასპარეზზე აღებული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჩაიბარა.

„ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გასაუბრების შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ან გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს პოსტი ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. წინ დიდი სამუშაო გველის. დაგვჭირდება დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა, რაც საშუალებას მოგვცემს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩავეწეროთ“ - ეს სიტყვები სანიოლმა საქართველოს ნაკრებში დანიშვნისთანავე თქვა და შეასრულა კიდეც. ფრანგმა გუნდი წარმატებამდე კვალიფიციური მენეჯერებისა და ხარისხიანი ფეხბურთელების დახმარებით მიიყვანა, რომლებსაც ბოლო წლებში ევროპულ კლუბებში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ქონდათ.

ორი გამოცდილი მოთამაშე - გუნდის 36 წლის კაპიტანი გურამ კაშია, რომლის ანგარიშზეც 112 სანაკრებო მატჩია და 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელიც „სლოვანში“ კაშიას თანაკლუბელია. მცველი ლაშა დვალი და თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის „აპოელში“ გამოდიან. ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის კლუბების „ბორდოსა“ და „მეცის“ მოთამაშეები არიან. მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის „კრაკოვიაში“, ოთარ კიტეიშვილი კი ავსტრიის „შტურმში“ ასპარეზობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასულ წელს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჩეხები, პორტუგალიელები და თურქები საქართველოს ნაკრებთან სამი ქულის აღებას ყველა ვარიანტში გეგმავენ, ვილი სანიოლმა კი განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები გერმანიაში ტურისტებად არ ჩავლენ. ნებისმიერ შემთხვევაში ტურნირის დებიუტანტების თითოეული მატჩისთვის თვალის მიდევნება ნეიტრალურად განწყობილი გულშემატკივრებისთვისაც საინტერესო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან
„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან