ემპოლისთან 4 ფეხბურთელის გარეშე - ნაპოლის პრობლემები
„ნაპოლი“ „ემპოლისთან“ სტუმრად გასამართ იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს დისკვალიფიცირებული ცენტრალური და მარცხენა მცველები, ამირ რაჰმანი და მარიო რუი დააკლდება. რუის არყოფნაში მის პოზიციაზე მატიას ოლივეირას მოუწევდა ასპარეზობა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ურუგვაელიც დაშავებულია და ფრანჩესკო კალცონა სერიოზული დილემის წინაშე დგას, თუ ვინ დააყენოს მარცხენა მცველად.
დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას „ფროზინონესთან“ დაშავებული მატეო პოლიტანოს თამაშის საკითხიც - გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმედღიანი მკურნალობის კურსის ჩატარება სჭირდება და რამდენად მოასწრებს შაბათამდე გამოჯანმრთელებას, რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ „ემპოლი“ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ნეაპოლელებისთვის ტოსკანელების დამარცხება, განსაკუთრებით ასეთი მწვავე პრობლემების ფონზე, იოლი არ იქნება. მითუმეტეს, რომ პირველ წრეში პარტენოპეიმ საკუთარ სტადიონზე „ემპოლისთან“ 0-1 წააგო.
ოცდათორმეტი ტურის შემდეგ 49 ქულით „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და მეოთხეზე მყოფ „ბოლონიას“ 10 ქულით ჩამორჩება. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 40 შეხვედრაში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.