ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„გერმანიაში „საშოპინგოდ“ და ტურისტებად არ მივდივართ“ - სანიოლის ინტერვიუ The Athletic-თან

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი თავის ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ვილი სანიოლთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ფრანგი სპეციალისტი ევრო 2024-ზე კვალიფიცირებასა და ტურნირზე საქართველოს ნაკრების მიზნებზე საუბრობს.

ვილი სანიოლი:

ევრო 2024-ზე გასვლის მნიშვნელობა:

ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, ეს ასევე არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ თქვას - „აი, საქართველო არსებობს“. შესაძლოა, ჩვენ დიდი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ასეა - „ახლა ხალხი გაიგებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს“.

ზეიმი საქართველოს კულტურას ჰგავდა - შუალედი არ არსებობს. ისინი ან ძალიან მაღლა დგანან, ან ძალიან დაბლა, არიან ძალიან მოწყენილები, ან ძალიან ბედნიერები. ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი ტიროდა, ბევრი ემოცია იყო. ასეთ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ, დაცემას ყოველთვის მცირედი სჭირდება, მაგრამ ეს გამოცდილებაა.

პენალტების სერია და კვეკვესკირის გადამწყვეტი დარტყმა:

როგორც მენეჯერი, ერთადერთი პენალტებია, რომელსაც ვერ აკონტროლებ. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მატჩი  - მოთამაშეების, ტაქტიკის ან თამაშის გეგმის შეცვლით. მაგრამ პენალტების დარტყმის დროს ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, როდესაც პენალტების სერია მოვიდა, საკმაოდ მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარაფერს გავაკეთებდი. ამ შემთხვევაში უფრო მაყურებელი ვიყავი.

მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ბოლო პენალტი დაინიშნა, ეს იყო გავლილი სამი წლის ნამუშევარი, აღმავლობა და ვარდნა... ყველაფერი იმ მომენტში განხორციელდა. ამის შემდეგ უბრალოდ სრულიად ცარიელი ხართ.

კარიერული წარმატება:

ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს უდიდესი მიღწევაა. სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადავწყვიტე, ბევრმა, თუნდაც ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა მითხრეს, თუ რატომ მივდიოდი იქ. მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა: „აი, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და რაღაცას მივაღწიეთ“. როგორც მწვრთნელი, ისე ადამიანი, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ფეხბურთელები უფრო მეტად აზროვნებით თამაშობდნენ, ვიდრე გულის კარნახით და ეს იყო პირველი შემთხვევა ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც მათ ასე ითამაშეს. ეს სწორედ ის იყო, რის თქმასაც ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ის, რაც გულში გაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში ყველა ქმედება შენი თავიდან უნდა მოდიოდეს. ეს მათ ფანტასტიკურად გააკეთეს და ვფიქრობ, ეს ჩემი გამოცდილებითაც არის განპირობებული.

ასეთი სახის თამაშები, სადაც მაღალი წნევა და ტემპერატურაა, ბევრის ნერვებზე მოქმედებს და ეს იყო ერთადერთი გზა, თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე.

მიზანი ევროპის ჩემპიონატზე:

როდესაც საფრანგეთის ნაკრებში ვთამაშობდი, ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება უფრო რთული იყო, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის, რადგან ყველა გუნდი, რომელიც ტურნირზე ასპარეზობს, დიდი გუნდია, პატარა არ არსებობს. შესაბამისად, დონე ძალიან მაღალი იქნება.

ჩვენ ვიცით, საიდან მოვდივართ და რა გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ პატარა გუნდივით არ ვიქნებით. ვაპირებთ მაღალი ამბიციით ვითამაშოთ და საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

კვარაცხელიას შეცვლილი როლი:

ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმაზე, რომ ის უფრო ცენტრისკენ გადაგვეწია. როდესაც ბურთი გვაქვს, ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრი გოლის გატანა და ბევრი საგოლე გადაცემის შესრულებაც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი მოთამაშის ყოფნა მოედნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რადგან მისნაირი ფეხბურთელი ბევრი არ მყავს.

ადამიანური თვალსაზრისით, მასთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან ძალიან ამბიციური ბიჭია და ამ ამბიციებისთვის ბევრს მუშაობს.

ამბიციები:

როდესაც ტურნირის საგზური მოვიპოვეთ, ზეიმისას ერთ-ერთი პირველი, რაც ბიჭებმა მითხრეს, ეს იყო - „გთხოვ, ვილი, ჩვენ არ გვინდა გერმანიაში „საშოპინგოდ“, ან ტურისტებად წასვლა“, მე კი ვუპასუხე - „ძალიან კარგი, მე უკვე ზეპირად ვიცნობ გერმანიას და არ მჭირდება იქ ტურიზმის გაცნობა“. ისინი ძალიან ამბიციურები არიან.

მათ კვალიფიკაცია მიიღეს, ახლა კი ჯგუფიდან გასვლა სურთ, ეს კი შესაძლოა 1/8 ფინალი, ან 1/4 ფინალი იყოს. ჩვენ ამ ამბიციით წავალთ. ვიცით, რომ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბიჭები იმდენი ხანი ოცნებობდნენ აქ მოსახვედრად, რომ სამწუხარო იქნება იქ წასვლა და მეტოქეებისთვის კონკურენციის არგაწევა.

ემოციურობა:

ნამდვილად არ ვარ მყვირალა მწვრთნელი. ჩვეულებრივ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო მაშინაც კი, როდესაც სტრესული სიტუაციაა. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოშია, სადაც მუდმივად ბევრი ემოციაა.

კარლო ანჩელოტისთან მუშაობაზე:

ერთად 5-6 თვე ვიმუშავეთ და ეს იყო საუკეთესო რამ, რაც ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის შეიძლებოდა მომხდარიყო. მისგან ძალიან ბევრი ბევრი ვისწავლე. ბევრი მასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ დავხარჯო ენერგია იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლია და ასევე იმაზე, თუ რისიც არ შეგიძლია და ამაზე ენერგიის თუნდაც ერთი პროცენტი არ დაგეხარჯოს.

ბევრი ვისწავლე ფეხბურთელებთან ურთიერთობაზეც და როგორ მივუდგე მოთამაშეებს, რომლებიც ბედნიერები არიან, ან პირიქით. ეს ჩემთვის შესანიშნავი სასწავლო პროგრამა იყო.

ოტმარ ჰიტცფელდი ანჩელოტისთან პიროვნულად ძალიან ახლოს იყო. ძალიან მშვიდი იყო და ცდილობდა ყოველთვის პოზიტიური ყოფილიყო. ფელიქს მაგათი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. ის ყურადღებას დისციპლინას აქცევდა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტ მატჩში 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს.

ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთისა (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრების ბოლო ათი წლის სტატისტიკა - ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი საგოლე პასი
ნაკრების ბოლო ათი წლის სტატისტიკა - ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი საგოლე პასი