იბრას როლი: ტრანსფერების უზრუნველყოფა და პიოლის მომავლის განსაზღვრა
როგორც მოგეხსენებათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულების შემდეგ, „მილანში“ დაასაქმეს. La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ ლეგენდარულ შვედს გადამწყვეტი როლი ექნება „მილანის“ საზაფხულო ტრანსფერებში და მას სტეფანო პიოლის მომავლის განსაზღვრაც შეეძლება.
2023 წლის დეკემბერში RedBird Capital Partners-მა „როსონერის“ ყოფილი თავდამსხმელი დაასაქმა. „მილანში“ მისი მოვალეობა გუნდის განვითარებაა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.
აღსანიშნავია, რომ ზლატანს „მილანში“ ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ Redbird Capital Partners-ის მეშვეობით მას, როგორც უკვე მოგახსენეთ ტრანსფერების უზრუნველყოფა დაევალება. იბრაჰიმოვიჩი გარკვეულწილად სპორტული დირექტორის მოვალეობას შეითავსებს.
წყაროს ცნობით, იბრაჰიმოვიჩი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მილანის“ 23-წლამდე გუნდის დაკომპლექტებაში და განვითარებაში.
სტეფანო პიოლის კონტრაქტი 2025 წელს იწურება, თუმცა მისი მომავალი ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩზე და „ინტერთან“ გასამართ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. მწვრთნელის დარჩენა გაშვების საკითხში მონაწილეობას იბრაჰიმოვიჩიც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანმა საფეხბურთო კარიერა 2023 წელს სწორედ „მილანის“ შემადგენლობაში დაასრულა. შვედის გადაწყვეტილების მიზეზი გაუთავებელი ტრავმები გახდა.
ასევე შეგახსენებთ, „როსონერიმ“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, საკუთარ კედლებში „რომასთან“ 0:1 წააგო.