სანდრო მამუკელაშვილი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მას ქართული კერძები შეუყვარდა, კარგი ქიმია გვაქვს - მამუკელაშვილი ვემბანიამაზე

NBA-ში „სან ანტონიო სპურსმა’’ „დენვერი’’ 121-120 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, გუნდს ორმაგი დუბლით დაეხმარა (21 ქულა, 12 მოხსნა) და მატჩის შემდეგ მედიასთან თანაგუნდელ ვიქტორ ვემბანიამაზე ისაუბრა. ვემბი სანდროს მსგავსად შესანიშნავი იყო (34 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი).

„ვემბისთან თამაშით ბედნიერი ვარ, ის განსაკუთრებული მოთამაშეა. ბევრი თანაგუნდელი მყავს, ყველა მიყვარს, მაგრამ მინდა სწორად გამიგოთ. როცა ნიუ-იორკში ყოფნისას ქართულ რესტორანში წავედით, მას ქართული კერძები შეუყვარდა, მე მიყვარს ვემბი. ვგრძნობ, ერთმანეთის მიმართ პარკეტს მიღმა ნამდვილად კარგი ქიმია გვაქვს, ჩვენ ეს შევქმენით.

მასთან ერთად თამაშით ბედნიერი ვარ, ის განსაკუთრებული მოთამაშეა. ვემბის თამაში ულიმიტოა, უცხოპანეტელია.

ლიგის ორ საუკეთესო მოთამაშესთან, იანისთან და ვემბისთან ერთად მითამაშია, ეს ფაქტი მაბედნიერებს’’.

სანდრო „სან ანტონიო სპურსში'' ყოფნით ბედნიერია: „არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ აქ ყოფნა მიყვარს. მიყვარს ბიჭები, მათთან კომუნიკაცია, სწავლისა და ზრდის პროცესი. მოუთმენლად ველი რა მოხდება მომავალში და თუ ისევ აქ ვითამაშებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები’’.

შეგახსენებთ, „დენვერთან'' მოგებულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, მის აქტივში 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაა. მან ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. თორმეტიდან ათ შემთხვევაში სანდრომ მოხსნა დაცვაში თამაშისას შეასრულა, ორჯერ კი შეტევაში. გარდა ამისა ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები