„ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო“ | რა თქვა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ ლანსი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და დუბლი გაიფორმა, მატჩის შემდეგ კი საკუთარი გამოსვლა შეაფასა.
„ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ საკუთარ კედლებში გატანილი მეორე ბურთი ჩემთვის განსაკუთრებული გახლდათ. ბედნიერი ვარ. გავიგე, ჩემზე ამბობდნენ, თითქოს მეცში რეპუტაციის შესანარჩუნებლად, პირადი მიზეზების გამო და საკუთარი თავისთვის სათამაშოდ დაბრუნდაო. ეს განცხადებები ძალიან არ მომეწონა.
მეცში იმიტომ დავბრუნდი, რომ კლუბი ლიგა 1-ში დავტოვო. 100 პროცენტით გუნდთან ერთად ვარ და მოედანზე ყველაფერს გავიღებ, რათა მეცს გავარდნა თავიდან ავარიდო. აიაქსში გატარებული პერიოდისას, გოლები და ქომაგებისგან მიღებული ემოციები ძალიან მომენატრა. ლიგა 1-ში დარჩენას რაც შეეხება, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყოველთვის გვჯეროდა, რომ არ გავვარდებოდით.
ძლიერ გუნდს მოვუგეთ და მატჩის მიმდინარეობისას პრობლემები შეგვიქმნეს, თუმცა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სათანადო რეაქცია გვქონდა. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. ასე უნდა გავაგრძელოთ, რათა ლიგა 1-ში დავრჩეთ და ეს მარტივი არ იქნება. თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ გავვარდეთ".
ცნობისთვის, „მეცის“ თავდამსხმელს 3 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, ორჯერ გაიტანა, ერთხელ მეკარემ აუღო. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა მისი თამაში 8.5 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. იგივე პოზიცია ჰქონდა ფრანგულ გამოცემას, Maxifoot-ს.