დონარუმას გაშვებას აპირებენ | მამარდაშვილი პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირეს
„პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვაზე სერიოზულად ფიქრობს. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილო არიან შეცდომებით, რომლებიც იტალიელმა მეკარემ გადამწყვეტ მომენტებში დაუშვა და არის შანსი, მას ზაფხულში შეელიონ.
პსჟ-მ დონარუმას სავარაუდო შემცვლელის ძებნაც დაიწყო და Fichajes-ის ინფორმაციით, სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული. პარიზული გრანდის სიაში მაიკ მენიო, დიოგუ კოშტა და გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ. ესპანური გამოცემა წერს, რომ „მამარდა“ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროდან დაიწყება.
როგორც ირკვევა, დონარუმას გაშვების წინააღმდეგ არც გუნდის თავკაცი, ლუის ენრიკეა. „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და კონკრეტულ ნაბიჯებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადადგამენ.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, პსჟ-ს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაუკავშირეს. როგორც იტალიურ პრესაში დაიწერა, „პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და „კვარას“ კანდიდატურაზე ფიქრობს, მაგრამ „ნაპოლი“ მის გაშვებას აპირებს.