ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

რას გადაწყვეტს ოთარ კაკაბაძე? - იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა

„კრაკოვიას’’ ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ კლუბის ქომაგებს წარუმატებელი თამაშის გამო ბოდიში მოუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი ვითარებას გამოასწორებს. 

კაკაბაძე: „წინ რთული მატჩებია, ექსტრაკლასაში დასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. როცა ვიგებთ, ანგარიშის შენარჩუნება გვიჭირს, ეს ჩვენი პრობლემაა''.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პოლონულ მედიასთან საკუთარ მომავალზეც ისაუბრა. შესაძლოა, ოთარი კლუბში დარჩეს, „კრაკოვიასთან’’ ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა არც გუნდიდან წასვლაა გამორიცხული, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

კაკაბაძე: „მსურს ევრო 2024-ზე წავიდე როგორც „კრაკოვიას’’ ფეხბურთელი, რადგან კლუბთან ჯერ კიდევ მაქვს კონტრაქტი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ამჟამად, კლუბთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ’’.

გასულ ზამთარში პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩუკი წერდა, რომ კაკაბაძის მიმართ ინტერესი „კრემონეზეს’’ ჰქონდა. CrystalSport-ის ინფორმაციით, იტალიური გუნდის ვარიანტი გამოირიცხა, 28 წლის მცველი კარიერას იტალიურ გუნდში არ გააგრძელებს, ეს დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და გერმანიაში ოთარ კაკაბაძე ითამაშებს, შესაძლებელია მის მიმართ ინტერესი უფრო ძლიერი კლუბის მხრიდან გაჩნდეს. სავარაუდოდ, ყველაფერი ივნისში გადაწყდება.

ოთარი „კრაკოვიაში’’ მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო საერთო ჯამში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა (18 - პოლონეთის ჩემპიონატი, 2 - პოლონეთის თასი), 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

თბილისის „დინამოს’’ გარდა კაკაბაძეს ლა ლიგა 2-ის „ხიმნასტიკსა’’ (2016-18) და „ტენერიფეში’’ (2020-21) უთამაშია. ასევე, 2017 წელს „ხიმნასტიკმა’’ დანიურ „ესბიერგში’’ ნახევარი სეზონით გაანათხოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები