კრისტალბეთ ეროვნული ლიგა: ტორპედომ დერბი მოიგო, იბერია გალიდერდა
კრიტსალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დღეს ორი მატჩი გაიმართა.
„იბერიამ“ „პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 3:1 მოიგო, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
მასპინძლები პირველივე ტაიმში ორბურთიანი ფორით წინ გაიჭრნენ. მე-18 წუთზე შოთა ნონიკაშვილმა გახსნა ანგარიში, 29-ე წუთზე კი შეიკნე სილამ 2:0 გახადა.
სტუმრებმა 32-ე წუთზე გიორგი ქიმაძის გოლით შეხვედრაში დაბრუნება შეძლეს. თუმცა 57-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ შეხვედრას წერტილი დაუსვა.
„იბერია“ 19 ქულით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერია. „გაგრას“ კი 3 ქულით ბოლო ადგილი უკავია.
ქუთაისში „ტორპედომ“ იმერულ დერბიში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 3:1 დაამარცხა.
მე-14 წუთზე ანგარიში ლუკა ხორხელმა გახსნა. 49-ე წუთზე კი ნიკოლა ნინკოვიჩმა გაათანაბრა. ამის შემდეგ, თანაბარი თამაში ვიხილეთ და გამარჯვებული ბოლო ათ წუთში გამოვლინდა.
83-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის პასის შემდეგ, ბიორნ იონსენმა თამაშგარიდან დროულად და ჭკვიანურად ამოიწია და ერთი შეხებით გაიტანა. ორ წუთში მოედნიდან ნიკა კალანდარიშვილი გააძევეს, რამაც ყველაფერი ნაადრევად დაასრულა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე ალეკო ბასილაძემ მატჩს წერტილი დაუსვა.
სტივ კინის გუნდს 15 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება. „სამგურალი“ კი 5 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.