„ნეაპოლელები ქართველებს ძალიან ჰგვანან“ | კვარა სერია A-ს დოკუმენტურ ფილმში
სერია A-ს იუთუბის არხზე დოკუმენტური ფილმის, „დამზადებულია იტალიაში“-ის მე-18 ეპიზოდი გამოვიდა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიეძღვნა. „ნაპოლის“ შემტევმა ნეაპოლელებსა და ქართველებს შორის არსებულ მსგავსებებზე, სერია A-ში მოთამაშე მეკარეებსა და გასულ სეზონში მოგებულ სკუდეტოზე ისაუბრა.
„ნეაპოლელები და ქართველები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, რადგან როცა რაღაცას ვაკეთებთ, ყოველთვის მაქსიმალურ შედეგს ვუმიზნებთ. საქართველოში, ისე როგორც ნეაპოლში, ფეხბურთი ძალიან უყვართ. ნეაპოლში საოცარი ხედებია, ალბათ უკეთესი ვიდრე თბილისში, მაგრამ თბილისიც ლამაზი ქალაქია.
სერია A-ში ბევრი მაღალი დონის მეკარე თამაშობს. გამომდინარე აქედან, ჩვეულებრივად რომ დაარტყა, გოლკიპერი ბურთს აუცილებლად მოიგერიებს. საჭიროა, მაღალი დონის დარტყმები გქონდეს და ყოველდღე ამ ასპექტზე სწორედ ამიტომ ვმუშაობთ. ნიჭიც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ნიჭიერი ხარ და სათანადოდ არ მუშაობ, ბევრს ვერაფერს მიაღწევ. აი, თუ თავდაუზოგავად მუშაობ, ყველაფერი კარგად იქნება.
სკუდეტო? რაღაც სიგიჟე იყო და ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. ვერ ვიჯერებდი, რომ სკუდეტო მოვიგეთ. საოცარი წარმატება იყო. არ მეგონა, რომ იტალიის ჩემპიონი ვიყავი, მაგრამ როცა თასის მისაღებად გავედით, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე ეს შევძელი.
როცა ტიტულს ერთხელ იგებ, გინდა, რომ იგივე გააკეთო და წარმატება გაიმეორო. ამისთვის მაქსიმალურად იხარჯები, მაგრამ ცხოვრებაში მარტივი არაფერია. იტალიის ჩემპიონი სადებიუტო სეზონში გავხდი და პირველი ვიყავი, ვინც ზეიმი დაიწყო. აქ ბევრი რამ ვისწავლე. არა მხოლოდ საფეხბურთო კუთხით, არამედ ცხოვრებისეულადაც. ამ ქალაქის ნაწილად ყოფნა საოცარი გამოცდილებაა. ნეაპოლის დატოვება რომ მომიწიოს, ბევრი რამ მომენატრება“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მას მონაწილეობა 28 შეხვედრაში აქვს მიღებული. მის ანგარიშზე 10 გოლია.