ოფიციალურად: ლაშა ტალახაძე ტაილანდის მსოფლიო თასზე არ იასპარეზებს
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ტაილანდის მსოფლიო თასზე მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ტალახაძე სამწვრთნელო შტაბთან ერთობლივი გადაწყვეტილებით და რეგლამენტის შესაბამისად, დღეს, თბილისის დროით 13:00 საათიდან ფიცარნაგზე მაინც გამოცხადდება, თუმცა, საშეჯიბრო ნაწილში არ ჩაერთვება.
ამის მიზეზი ტრავმის რისკის თავიდან აცილება გახდა, რაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, ლაშა ტალახაძემ ბოლო ვარჯიშებზე საგრძნობლად გააუმჯობესა მისი მონაცემები და სპორტსმენის ოლიმპიადისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო თასი არის ბოლო სალიცენზიო სავალდებულო ტურნირი და სტარტზე გამოცხადება სავალდებულოა. ამავე მიზეზით, ლაშა ტალახაძემ რამდენიმე კვირის წინ ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა, თუმცა, სალიცენზიო ქულების ასაღებად სტარტზე მაინც წარსდგა.