ანრი: არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი კარგად ვერ აკეთებს
ტიერი ანრი ერლინგ ჰოლანდის სამაშო სტილს განმარტავს. ნორვეგიელს „რეალთან“ შეხვედრის შემდეგ, ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუხდა.
„მე ბევრი ფორვარდი მყავს ნანახი, რომლებსაც ამა თუ იმ მატჩებში გოლების გატანა ვერ შეძლეს, თუმცა ძალიან კარგად ითამაშეს. ისინი გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯებოდნენ და ბევრ საჭირო რამეს აკეთებდნენ. მაგრამ ყველაზე ხშირად ფორვარდს მისი გოლებით აფასებენ.
ადამიანებს გაუმჯობესება შეუძლიათ, მე ამის მჯერა. მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ჰოლანდი კარგად ვერ აკეთებს: ის მცველთან ყოველთვის ზედმეტად ახლოს თამაშობს. ასეთ დროს შენი მეურვეობა უფრო უმარტივდებათ. ბურთის მოპოვება რთულდება. მე ყოველთვის ვქმნიდი მცველთან დისტანციას. ამ დროს შენი შეჩერება უფრო რთული გახდება, კორპუსსაც უკეთ გამოიყენებ“.
- თქვა ანრიმ CBS Sports-ის ეთერში.
ნორვეგიელს „სიტიში“ გადასვლის შემდეგ, დიდ მატჩებში გატანა უჭირს. ამის გამო ჰოლანდს ბევრი აკრიტიკებს. „რეალთან“ მატჩში ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ერლინგს გუნდელები ხშირად პასს არ უკეთებდნენ და მას თითქოს აიგნორებდნენ.