„მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორი“ | DailyMail-ი საქართველო-უელსზე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail-ი საქართველოსა და უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შესაძლო დაპირისპირებაზე წერს და ამბობს, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ.
რა წერია სტატიაში:
უელსის რაგბის კავშირსა და მის ქართველ კოლეგებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს. შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამბიციურმა აღმოსავლეთ ევროპელებმა განაცხადეს, რომ გეტლანდის ბიჭებთან თამაში სწორედ ის დაპირისპირებაა, რაც მსოფლიო რაგბის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს სურთ.
ჯერჯერობით, უელსელებს ამ გამოწვევისთვის ოფიციალურად არ უპასუხიათ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაიჯელ უოკერმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ შესაძლო დაპირისპირებაზე არაერთხელ ისაუბრეს.
უელსის ნაკრებს საქართველოსთან ტესტ-მატჩის ჩატარების მორგება შემოდგომის სერიაზე მოუწევს, რომლის გრაფიკიც ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დადასტურებულა. სავარაუდოდ, გეტლანდის გუნდი ფიჯის, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან, მაგრამ მოლაპარაკებები საქართველოსთანაც მიმდინარეობს. როგორც წესი, უელსი მიჩვეულია შემოდგომის ტესტებზე ოთხი თამაშის გამართვას.
მაგრამ საქართველოსთან შეხვედრის ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ის გახლავთ, რომ შესაძლოა ის მსოფლიო რაგბის მიერ გამოყოფილი ფანჯრის მიღმა ჩატარდეს. ასეთი სცენარი ნიშნავს, რომ უელსი წამყვანი მორაგბეების გარეშე დარჩება, რომლებიც ინგლისსა და სხვა ქვეყნის წამყვან ლიგებში თამაშობენ. ამ შემთხვევაში საქართველოც საგრძნობლად დასუსტდება, რადგან საკვანძო ფიგურები, როგორებიც არიან ნინიაშვილი, გორგაძე და ლობჟანიძე საფრანგეთის ჩემპიონატში იქნებიან.
იდეალური გამოსავალი იქნება, თუ ერთმანეთს საქართველოსა და უელსის საუკეთესო XV შეხვდებიან, მაგრამ ამ ეტაპზეც, ორივე მხარეს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
თუმცა, თუ ექვს ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატში დაწინაურებისა და დაქვეითების სისტემა დაინერგება, მაშინ ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს უპრობლებოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებდენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ირლანდიელი ლომების კაპიტანმა, სემ უორბეტონმაც თქვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
თორნიკე გოგებაშვილი:
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს დაგეგმილი ზაფხულის ტესტები. ოფიციალური ინფორმაციით, „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს, „ბათუმი არენაზე“ ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 13 ივლისს სტუმრად იაპონიის ნაკრებს შეხვდებიან, 20 ივლისს კი კვლავ სტუმრად, ავსტრალიის ნაკრებს შეერკინებიან.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომის ტესტების სერიაზე რიჩარდ კოკერილის გუნდის ერთ-ერთი მეტოქე იტალიის ეროვნული ნაკრები იქნება, თუმცა, დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.