ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ჯან პიერო ვენტურა, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

„თუ კონტე მოვა, გუნდი კვარას და პოლიტანოს დაკარგავს“ - ცნობილი მწვრთნელი ნაპოლიზე

გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ჯან პიერო ვენტურამ რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში „პარტენოპეის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რას ამბობს ვენტურა:

იმედი მაქვს, რომ „ნაპოლისთვის“ სეზონის ბოლოს შესანიშნავი ფინალი ექნება. გასულ კვირას, როგორც „ნაპოლის“ გულშემატკივარს, თამაშმა როგორც ცუდი, ისე კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა. პირველი ტაიმი საკმაოდ რთული იყო, მეორე ტაიმში კი აბსოლუტური ხარისხი აჩვენა. ის მატჩი შესანიშნავად წარმოადგენს „ნაპოლის“ სეზონს. ძალიან დასანანია, როდესაც გუნდს ასე თამაში შეუძლია და მოწინავე პოზიციებს ვერ იკავებს, რთული გასაგებია. არ ვარ დარწმუნებული, რომ გუნდი ევროტურნირების ზონაში მოხვედრას შეძლებს. ზოგადად, წელს „ნაპოლიში“ მენეჯმენტის პრობლემა იყო. გუნდს არ ჰქონდა კონკრეტული გეგმა და სპორტული თვალსაზრისით მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რომელი კონკურენტი წააგებდა უფრო მეტ თამაშს. ეს პრობლემები ბუნებრივი იყო და არც მიკვირს, რადგან გასულ წელს გუნდმა ჯუნტოლი და სპალეტი დაკარგა.

რაც შეეხება მწვრთნელებს, გარსია მოსვლისთანავე ზედაპირული ჩანდა, რადგან თქვა, რომ „ნაპოლის“ თამაშებს არ უყურებდა. მაცარის ხელი გუნდს მაშინვე დაეტყო, თუმცა, მისთვისაც რთული იყო, იმიტომ რომ 4-3-3 წყობით არასდროს უთამაშია. კალცონას გაწეული სამუშაო კი ნამდვილად მოულოდნელი იყო, მან ამ სეზონში ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ გასახდელში გაწეული სამუშაოთიც.

სამწუხაროდ, ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად ხდება, როდესაც გუნდმა სკუდეტო მოიგო და მომდევნო სეზონში ლიდერს 30 ქულით ჩამორჩება. მესმის ჭორები შესაძლო შესყიდვების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი არ არის. შესყიდვებამდე უნდა ვიფიქროთ, თუ ვინ იქნება მწვრთნელი და როგორ მართავს ის გუნდის ბირთვს.

მესმის რამდენიმე სახელი, რომელიც მაკვირვებს, ვგულისხმობ კონტეს და იტალიანოს. ეს ღვინოზე და ვისკიზე საუბარს ჰგავს. თუ კონტე მოვა, გუნდი პოლიტანოსა და კვარაცხელიას დაკარგავს, რადგან ის ორი თავდამსხმელით თამაშობს.

31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და ევროტურნირების ზონაში მყოფ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა, ბერგამოელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 14 აპრილს, საქართველოს დროით 14:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას და პსჟ-ის ინტერესი | დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაადო?
ბარსელონას და პსჟ-ის ინტერესი | დე ლაურენტისმა ხვიჩას ფასი დაადო?