მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი ნიჭის კვალობაზე ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხეს..
იყვნენ ისეთები, რომლებიც ტრავმებმა დატანჯეს და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ რეალიზდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხელი საკუთარმა ხასიათმა შეუშალა. დღევანდელ ბლოგში ჰატემ ბენ არფაზე მინდა მოგიყვეთ.
უმეტესმა თქვენგანმა, რა თქმა უნდა, იცით, თუ როგორი ნიჭის პატრონი იყო ფრანგი ფეხბურთელი და მისი რამდენიმე გოლი აუცილებლად გემახსოვრებათ. კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი „ნიუკასლის“ შემადგენლობაში „ბოლტონის“ წინააღმდეგ გაიტანა.
პირადად ჩემთვის, თავდაპირველად ბენ არფა ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ ჰატემზე ასეთი რაღაც ვთქვი:
„ზარმაცი ღმერთი, რომელიც ოლიმპოს მთაზე მიმავალ გზაზე დაეცა..“
დიახ, ჩემი აზრით ბენ არფას ოლიმპოს მთაზე შეეძლო ასვლა.. ყოფილი ფეხბურთელი 2002 წელს „ლიონის“ აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც კარიმ ბენზემასთან ერთად თამაშობდა. ბენ არფა კარიმზე მეტად კაშკაშებდა და მას უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მაგალითად, „ლიონის“ მეორე გუნდში მისმა თანაგუნდელმა კელი იუგამ 2003 წელს თქვა: „ბენ არფა ჩვენი დროის მარადონაა, ის მწვერვალებს დაიპყრობს.”
2007/2008 წლების სეზონში ჰატემი ინტერნეტ სენსაცია გახდა. თინეიჯერი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეებს შორის ტრიალებდა და ფეხზე მიმაგრებული ბურთით კოსმოსში ცურავდა. აღნიშნულ სეზონში ერთი მეორეზე უკეთესი გოლები გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტს“ დაუვიწყარი გოლი გაუტანა, ხოლო მოგვიანებით „ნიცას“ შემადგენლობაში ლიგა 1-ში „ტულუზას“ და „ლორიენს“..
2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მარსელმა“ ბენ არფა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა იქამდე „ლიონში“ მისთვის პირველი არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
„ლიონის“ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე სკილაჩისთან იჩხუბა. ვარჯიშის დროს სებასტიანმა ჰატემი წააქცია, რაზეც მას მწვავე რეაქცია ჰქონდა. თავდაპირველად ისინი თანაგუნდელებმა გააშველეს, მაგრამ კონფლიქტი გასახდელში გაგრძელდა, სადაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ტრანსფერი გარდაუვალი იყო.. „მარსელში“ გადასვლისას კი მან ყოფილ გუნდს პატარა კლუბი უწოდა..
იმ დროს „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა ჰატემის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა: „ბენ არფა უსაზღვრო ნიჭის პატრონია, მაგრამ მწვერვალზე ასვლა გაუჭირდება. წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე.“
ოლასი ფრანგული კლუბის პრეზიდენტი 36 წლის განმავლობაში იყო.(1987-2023). 2023 წელს მან თანამდებობა დატოვა, რასაც ბენ არფა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშოვებით გამოეხმაურა და კრიტიკული პოსტი მიუძღვნა:
„ფეხბურთს შენ არ მოენატრები!“
ბენ არფას ეს ფრაზა იდეალურად ასახავს მის ხასიათს. ჰატემმა მას 2008 წელს ნათქვამი სიტყვები ვერ აპატია და თითქოს ამ წლების განმავლობაში გულში ბოღმა ჰქონდა ჩარჩენილი.. იმ დროს არავინ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..
ტრანსფერიდან ზუსტად 2 კვირაში ჰატემმა სისესთან იჩხუბა. „მარსელის“ პრეზიდენტმა ბენ არფა გაამართლა და ჯიბრილი იჯარის წესით „სანდერლენდში“ გაუშვა. ეს გარკვეულწილად ცუდი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბენ არფას ამპარტავნულ ხასიათს კიდევ პრეზიდენტის მხარდაჭერა არ სჭირდებოდა.. ამან კი „მარსელი“ საბოლოოდ უფრო ცუდ შედეგამდე მიიყვანა.
სანამ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მოგიყვებით, მინდა ბენ არფას ბავშვობის მთავარი ინციდენტის შესახებ გითხრათ. არსებობს ვიდეო, რომელიც ცხად ჰყოფს, თუ რა მძიმე ხასიათი ჰქონდა მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან..
17-წლამდე ნაკრების შეკრებაზე, ბენ არფამ და აბუ დიაბიმ იჩხუბეს. აღნიშნულ კადრებს ფრანგული სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისთვის იღებდნენ. რა თქმა უნდა, ეს კადრები ტელევიზიით არ გადაცემულა, თუმცა Youtube-ზე მაინც აიტვირთა.
თავდაპირველად დიაბი და ბენ არფა თანაგუნდელის სასტუმროს ნომერში შესვლას ჩუმად ცდილობენ და კონფლიქტი სწორედ აქ წარმოიშვა. ჰატემი თანაგუნდელის ამ მცდელობას არ ეთანხმებოდა.
შემდეგ, ერთმანეთს ოთახში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაგუნდელებმა ჰატემი აივანზე გაიყვანეს, ნაწილი კი დიაბის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა იმის მაგივრად, რომ, თუნდაც ბენ არფას სიტუაცია დაემშვიდებინა, აივნიდან აბუს გამოწვევას ცდილობდა. საბედნიეროდ, აღნიშნული კონფლიქტი მალევე ამოიწურა.
მოგვიანებით ჰატემი და აბუ კარგი მეგობრები გახდნენ და როდესაც ბენ არფა „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა ზემოთ ხსენებული ინციდენტი გაიხსენა და თქვა: „ეს იყო ბავშვური კონფლიქტი, რომელიც 16-17 წლის ყველა ბავშვს ემართება. მთავარია, რომ დღეს მე და დიაბი კარგი მეგობრები ვართ.“
დავუბრუნდეთ „მარსელის“ პერიოდს. ჯიბრილ სისესთან მომხდარი ინციდენტის და პრეზიდენტის მხარდაჭერის შემდეგ, ბენ არფამ ამჯერად მოდესტე მ’ბამი-სთან „ლივერპულთან“ მატჩის წინ იჩხუბა, თუმცა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი არ არის. გამოიცანით რა მოხდა?! მომხდარიდან სულ მალე კამერუნელმა ყოფილმა ნახევარმცველმა „მარსელი“ დატოვა. ხელმძღვანელობას კი განუცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
მოხდა კიდევ ისეთი რაღაცები, რის გამოც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს გააგდებდნენ, თუმცა ჰატემი იმდენად ნიჭიერი და პერსპექტიული იყო, რომ მას ბევრ რამეს პატიობდნენ.
ბენ არფა ვარჯიშებზე აგვიანებდა, ხშირად არც მიდიოდა. ერთხელ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ გასახურებლად არ გავიდა, ტრავმა მოიმიზეზა და აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.
იმ პერიოდში „მარსელს“ ერიკ გერეტსი წვრთნიდა, რომელმაც განაცხადა: „ნებისმიერ სხვას ასეთი საქციელის გამო დაუფიქრებლად გააგდებდნენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვქონდა იმედი, რომ ჰატემი ასეთ დამოკიდებულებას შეიცვლიდა და პროფესიონალურად მოიქცეოდა.“
მწვრთნელის ამ სიტყვებითაც ჩანს, რომ „მარსელში“ ფრანგ ფეხბურთელს ლობირებდნენ, მაგრამ იცით რით დაუფასა ბენ არფამ მათ ეს ყველაფერი? 2008/2009 წლების ლიგა 1-ის სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „მარსელმა“ საკუთარ კედლებში „ლიონთან“ წააგო და სატურნირო ცხრილში „ბორდომ“ გადაასწრო, რის შემდეგაც „ბორდო“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
გაბრაზებულმა ჰატემმა კლუბი, ფეხბურთელები და მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა: „არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ასე ცუდად მოვმზადებულიყავით „ლიონთან“ მატჩისთვის. ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც მედიამდე არ მიდის. ვფიქრობ, გაცილებით ძლიერი სამწვრთნელო სტაფი გვჭირდება.“
ყველაზე უცნაური იცით რა არის? 2009 წელს გერეტსი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს და მის ნაცვლად დიდიე დეშამი დანიშნეს. აღნიშნული სეზონი ჰატემმა 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა.
ცნობილია, რომ დეშამი დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბენ არფას გამოხტომების ატანას არ აპირებდა. 2009/2010 წლების სეზონში ახალგაზრდა ტალანტმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შესაძლო 3690 წუთიდან მინდორზე 2078 წუთი გაატარა და ვერც მისი სტატისტიკა იყო საამაყო. 7 გოლი და 5 საგოლე პასი.
ასეთი შედეგი იმ კატეგორიის ფეხბურთელისთვის, რომელსაც უდისციპლინობას პატიობდნენ, ნამდვილად მიუღებელია. დეშამს და ჰატემს განსაკუთრებული კონფლიქტი არ ჰქონდათ, თუმცა გუნდიდან წასვლა დღის წესრიგში მაინც დადგა.. ფრანგი ვარსკვლავის ცხოვრებაში პრემიერ ლიგა გამოჩნდა..
მისი გადაბირება „ნიუკასლს“ მოუნდა და ჰატემიც პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. თავდაპირველად „მარსელის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერს ბლოკავდა, მაგრამ ბენ არფამ იმდენი გააკეთა, რომ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეშვა.
როდესაც ჰატემმა გაიაზრა, რომ მისი „ნიუკასლში“ გადასვლა პრობლემა გახდა ფრანგულ მედიასთან საჯაროდ განაცხადა: „კლუბის ხელმძღვანელობა არ მაინტერესებს. მზად ვარ კარიერა დავასრულო, თუ ისინი წინადადებას არ მიიღებენ. მე არ ვარ ჭუჭყიანი სარეცხის ტომარა ან ნაჭერი..“
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ „კაჭკაჭებს“ ბენ არფას ყიდვა ჯერ კიდევ 2005 წელს უნდოდა. იმ დროინდელი მწვრთნელი გუნდის ხელმძღვანელობას 18 წლის ტალანტის ყიდვას დაჟინებით სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. 8 წლის შემდეგ, ინგლისურმა გუნდმა 26 წლის შემტევი მაინც გადაიბირა!! ეს გარკვეულწილად რისკი იყო, რადგან ბენ არფას უკვე პრობლემური ბიჭის სახელით იცნობდნენ.
ამას ფაქტებიც ადასტურებდა. „ლიონიდან“ კონფლიქტით წავიდა და ყოფილ კლუბზე ცუდად ისაუბრა და ზუსტად იგივე განმეორდა „მარსელის“ შემთხვევაში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, სანამ ბენ არფასთვის რაიმე ან ვინმე მნიშვნელოვანია, იქამდე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, როდესაც მას ეს ყველაფერი ჰბეზრდება ერთი ხელის მოსმით შეუძლია ყველაფრის გაფუჭება და გაქრობა.. ეს კი მის ადამიანურ თვისებებზე და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. დამეთანხმებით, რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ პროფესიონალი სპორტსმენივით არ ცხოვრობ, ძალიან რთულია წარმატების მიღწევა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, პრემიერ ლიგის ბინადრისთვის ჰატემის ტრანსფერი რისკი იყო, მაგრამ ეს რისკი სადებიუტო შეხვედრამ ჩაახშო, რომელშიც 26 წლის ტალანტმა „გუდისონ პარკზე“ დიდებული გოლი გაიტანა და „ნიუკასლს“ 1:0 მოაგებინა.
2011/2012 წლების სეზონი, როგორც „კაჭკაჭებისთვის“, ისე ჰატემისთვის დასამახსოვრებელი იყო. ფრანგმა არაერთი გამორჩეული გოლი გაიტანა, მაგრამ გამოსარჩევია „ბოლტონის“ და „ბლექბერნის“ კარში გატანილი გოლები, რომლებზეც ბრიტანული მედია დიდი ენთუზიაზმით წერდა.
მაგალითად Daily Mail-მა საქებარი სიტყვები არ დაიშურა: „“ნიუკასლმა“ მიძინებული მონსტრი გააღვიძა. ბენ არფა და „ნიუკასლი“ ერთმანეთს იდეალურად შეეწყვნენ..“
აღნიშნულ სეზონში „კაჭკაჭები“ პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდნენ და ეს დიდ წარმატებად მოინათლა. ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედად კი ბენ არფა დასახელდა..
2012 წლის მარტში ალან პარდიუმ თქვა: „ბენ არფამ თავისი ცუდი ბიჭის იმიჯი დაარღვია. ის აქ თავმდაბალი და სამაგალითოა. გამუდმებით სწავლობს და განვითარებაზე ფიქრობს. ჰატემი ახლა ისეთ ადგილზეა, სადაც იცის, რომ ეს მისი კარიერის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე იცის, რომ მას გარშემო კარგი ხალხი ჰყავს.“
სეზონის დასრულების შემდეგ, The Sun-თან საუბრისას ჰატემმა საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა:
„ვიცი, ზოგიერთი იფიქრებს, რომ გავგიჟდი, მაგრამ მე მაინც ვოცნებობ ოქროს ბურთის მოგებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.“
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მისი ინგლისური კარიერის პიკი იყო და შემდეგ იმ ხასიათის ფეხბურთელად იქცა, როგორიც „ლიონში“ და „მარსელში“ ყოფნის დროს იყო..
ვარჯიშზე დაგვიანება და თანაგუნდელების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ფრანგ ვარსკვლავთან ადამიანური ენით სცადეს საუბარი. ინიციატივა კაპიტანმა ფაბრიციო კოლოჩინიმ გამოიჩინა, რომელმაც ჰატემს აუხსნა, რომ ასე მოქცევა გუნდის შიდა სამზარეულოს აფუჭებდა.
რა თქმა უნდა, ბენ არფამ კაპიტნის ინიციატივას ყურადღება არ მიაქცია და ისე მოქცევა გააგრძელა, როგორც სურდა. კოლოჩინი ამ ყველაფერს არ შეეგუა და ალან პარდიუს ჰატემის სკამზე დასმა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და მისი თანაგუნდელები მოედანზე არ გავიდოდნენ.
პარდიუსთვის და გუნდის ხელმძღვანელობისთვის ეს უკვე პიკი იყო და ბენ არფა „ჰალ სიტიში“ გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ „ნიუკასლში“ ჰატემს იდეალური მეტსახელი შეურჩიეს. მას „საკუთარი თავის პატიმარი“ შეარქვეს..
ეს მეტსახელი შესანიშნავად ასახავს ბენ არფას საფეხბურთო კარიერას. მას უსაზღვრო შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ საკუთარმა ხასიათმა და უდისციპლინობამ დიდი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მისცა.
ბენ არფამ „ჰალ სიტიში“ მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა იყო..
„პრობლემური ბიჭის“ კარიერაში საუკეთესო პერიოდის დრო დადგა. ჰატემი „ნიცაში“ გადავიდა, სადაც საუკეთესო სეზონი გამოაცხო.
ზოგჯერ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი მწვრთნელი გაგხდის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას. განსაკუთრებით ბენ არფას შემთხვევაში.. თუმცა კლოდ პუელმა თითქოს ჰატემს გასაღები უპოვნა..
თავად ფრანგი ფეხბურთელი კლოდთან ურთიერთობას ასე აღწერდა: „ჩემი ურთიერთობა პუელთან მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავს, იმ გაგებით, რომ მას ჩემი გაზრდა და წინსვლა სურს. ასეთი ურთიერთობა მუშაობს, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ! კლოდი ჩემს კარიერას სწორ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარა. მისი მადლიერი ვარ.“
ბენ არფამ 2015/2016 წლების ლიგა 1-ის სეზონი 17 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ედისონ კავანის, ლაკაზეტის და ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდათ. ჰატემის კარგმა თამაშმა „ნიცა“ მეოთხე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ შეიცვალა ჰატემი ასე საფუძვლიანად? იყო ეს მხოლოდ კლოდ პუელის დამსახურება? არა!
„ნიცაში“ გადასვლას FIFA-ს რეგულაციების დარღვევა მოყვა. წესების მიხედვით, 1 სეზონის განმავლობაში ფეხბურთელს 3 სხვადასხვა კლუბში თამაშის უფლება არ აქვს. 2014/2015 წლების სეზონი ფრანგმა შემტევმა „ნიუკასლში“ დაიწყო, შემდეგ „ჰალ სიტიში“ გადავიდა და სულ მალე „ნიცას“ მაისური მოირგო. აღნიშნულ სეზონში ჰატემმა ფრანგულ კლუბში ვერ ითამაშა და რამდენიმე თვე შეისვენა.
თავად ფეხბურთელი ამ თვეებს იხსენებს და ამბობს: „რამდენიმე თვე მხოლოდ ვვარჯიშობდი და მატჩების ჩატარება არ მიწევდა. იმ პერიოდში სიმშვიდე ვიპოვე. გავაანალიზე ჩემი შეცდომები და ბევრი რამის შეცვლა გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, ყველაფერში კლოდ პუელი დამეხმარა.“
ბენ არფას პროგრესი აშკარა იყო. მან იმდენად კარგად დაიწყო თამაში, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. ინგლისთან ამხანაგურ მატჩში 90 წუთი ითამაშა და თავი არ დაზოგა, თუმცა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე დიდიე დეშამმა მის ნაცვლად დიმიტრი პაიე წაიყვანა..
L’EQUIPE წერდა, რომ ჰატემი შინაგანად გატყდა და ყველანაირი მოტივაცია დაკარგა. ამ ყველაფრის კომპენსირება ბენ არფამ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლით სცადა. მას სურდა მსოფლიოს დაენახა, რომ დეშამი შეცდა და მისით ისეთი გუნდი დაინტერესდა, როგორიც „პარი სენ ჟერმენია.“ მას ერთი წამით არ უყოყმანია და დედაქალაქური კლუბის შეთავაზებას იმ წამსვე დათანხმდა. ალბათ მის გადაწყვეტილებაზე იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ „ნიცადან“ კლოდ პუელი გაუშვეს და ლუსიენ ფავრი დანიშნეს.
თუ კლოდ პუელი ჰატემისთვის იდეალური მწვრთნელი იყო, უნაი ემერი ამის საპირისპირო აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ 6:1 წააგო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენ არფამ ესპანელ მწვრთნელს გასახდელში უთხრა: „შენ ვერასდროს გახვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. არ აქვს მნიშვნელობა როგორი გუნდი და ფეხბურთელები გეყოლება..“
დროის გასვლასთან ერთად ჰატემის პარიზული კარიერის სხვა დეტალებმაც იჩინა თავი. ცნობილი გახდა, რომ კლუბმა მას ახალი ვალდებულებები დააკისრა. მეტიც, მისი ხელფასი ქცევის ნორმებზე იყო დამოკიდებული. ის თვეში 65 000 ევროს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ვარჯიშებზე არ დააგვიანებდა და მედიასთან დადებითად ისაუბრებდა.
სიტუაცია დამძიმდა. ვარჯიშებზე ფრანგი შემტევი არ აგვიანებდა, მაგრამ ცუდად იქცეოდა. თანაგუნდელებს პასს არ აძლევდა და გამუდმებით ცრუ მოძრაობების გაკეთებას ცდილობდა. იგივე ხდებოდა მატჩების დროს. სულ მალე „პარი სენ ჟერმენის“ დირექტორმა პატრიკ კლაივერტმა მისი გუნდიდან წასვლა მოითხოვა.
France Football-მა პატრიკის სიტყვები გააჟღერა, რომელიც მან ბენ არფას უთხრა:
„მწვრთნელს არ სჭირდები! ჩვენ გიპოვეთ ახალი კლუბი და ეს „ფენერბახჩეა“! ნახავ, რომ თურქეთის ლიგა საკმაოდ კარგია.“
ბენ არფას საერთოდ არ აინტერესებდა თურქეთში ფეხბურთის თამაში და რა თქმა უნდა, ტრანსფერი ჩაშალა. ის კონტრაქტის ამოწურვას დაელოდა და დესტაბილიზაციისთვის გასახდელში პირადი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო. გუნდის წინაშე ემერის დასცინოდა. კატარის ემირთან შეხვედრისას კი ნასერ ალ-ხელაიფის უხამსად ეხუმრა.
ჰატემი ამ ყველაფერს არ დასჯერდა. მას შემდეგ, რაც მას უთხრეს, რომ პსჟ-ში აღარ ითამაშებდა, ახლად აშენებული უახლესი საწვრთნელი ბაზის გარეთ ბურგერის ჭამა დაიწყო და ეს ფაქტი ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. ეს სრული კატასტროფა იყო..
2018 წელს, რა თქმა უნდა, მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და „პრობლემური ბიჭი“ „რენში გადავიდა. რა ქნა სამაგიეროს გადახდის მიზნით? პსჟ-ს სასამართლოში არასათანადო მოპყრობის გამო უჩივლა. მეტიც, საფრანგეთის თასის ფინალში პარიზელები „რენთან“ დამარცხდნენ და ჰატემმა ტირილამდე სიხარულით აღნიშნა. დაჯილდოების ცერემონიის დროს, ალ-ხელაიფმა ბენ არფას ხელი არ ჩამოართვა.
ეს უკვე ვეტერანი ფრანგის დაღმასვლის საფუძვლიანი დასაწყისი იყო. გადავიდა „ვალიადოლიდში“, სადაც რამდენიმე თვე გაატარა და მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბენ არფამ ესპანეთი მალე დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. 2020/2021 წლების სეზონი „ბორდოში“ გაატარა. 25 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და სეზონის დასრულების შემდეგ „ლილში“ გადაბარგდა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი დასრულდა..
გაბრწყინების ბოლო შანსი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ მიეცა, სადაც ცვლილებაზე გამოვიდა, მაგრამ ვერაფერი გააკეთა და ფრანგული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაემშვიდობა.. ჯამში მან „ლილის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველაფერი იცით რითი დასრულდა? „ლილის“ მთავარ მწვრთნელს „გადაგრეხილი იდიოტი“ მხოლოდ იმის გამო უწოდა, რომ მისი ტაქტიკა არ მოეწონა. ეს იყო 2022 წლის 2 აპრილი.. მას შემდეგ, ჰატემ ბენ არფას პროფესიონალური ფეხბურთი აღარ უთამაშია..
მის კარიერას, რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა. მასზე დადებითად მხოლოდ კლოდ პუელი საუბრობს.
2020 წელს კლოდმა თქვა:
„მე გავიცანი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა. მას ფეხბურთის ირგვლივ დიდებული იდეები ჰქონდა. მივხვდი, რომ ის მშვიდი ადამიანი იყო, იმ იმიჯის ფონზე, რაც ხალხმა მას შეუქმნა. ჩვენი ერთად მუშაობის დროს ბენ არფა არეული არ იყო და ეს ყველაზე მთავარია.“
პუელმა ფრანგი ფეხბურთელის ის ვერსია წარმოაჩინა, რომელსაც ვიმედოვნებდით, რომ კიდევ დიდხანს ვიხილავდით..
და ბოლოს, ამ ბლოგს ჩემი სიტყვებით დავამთავრებ - ჰატემ ბენ არფა - „ზარმაცი ღმერთი, რომელიც ოლიმპოს მთაზე მიმავალ გზაზე დაეცა.."