შავი ლომი ინგლისური გრანდის წინააღმდეგ - ვისთან შედგება კოკერილის დებიუტი
ინგლისელი რიჩარდ კოკერილის დებიუტი „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის რანგში 3 მაისს, მისი მშობლიური კლუბის, „ლესტერ თაიგერსის“ წინააღმდეგ შედგება.
53 წლის კოკერილი „უელფორდ როუდზე“, რომელიც 25 849 მაყურებელს იტევს, 2017 წლის შემდეგ ბრუნდება. ამხანაგური თამაში საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
რიჩარდმა მოთამაშის კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „ლესტერ თაიგერსში“ გაატარა. ის 143 წლის ისტორიის მქონე გუნდის ღირსებას 1992-2002 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ორი სეზონი „მონპელიეში“ ითამაშა და 2004-2005 წლებში კვლავ „ვეფხვებს“ დაუბრუნდა.
„ლესთერ თაიგერსში“ დაიწყო კოკერილის, როგორც მწვრთნელის კარიერა. 2005-2009 წლებში ის შერკინებას ავარჯიშებდა, 2009-2017 წლებში კი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა და გუნდს არაერთი ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
1880 წელს დაარსებული გუნდი 11-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (1988, 1995, 1999, 2000, 2001, 2002, 2007, 2009, 2010, 2013, 2022), 7-ჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა. „თაიგერსი“ 2001 და 2002 წლებში ფლობდა ჩემპიონთა (1997, 2007 და 2009 წლებში ფინალში დამარცხდა), ხოლო 2007, 2012 და 2017 წლებში ანგლო-უელსის თასებს.
პრემიერშიფის გასული სეზონი „ლესტერმა“ მე-3 პოზიციაზე დაასრულა. მიმდინარე გათამაშებაში ის 14 თამაშიდან 39 ქულით (8 მოგება, 6 მარცხი) ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და მხოლოდ 5 ქულა აშორებს მეორე პოზიციაზე მყოფ „ბათს“. ამ სეზონში „ვეფხვები“ უკვე გავიდნენ პრემიერშიფის თასის ფინალში და იქ „გლოსთერთან“ 13:23 დამარცხდნენ.
„შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეში 18 აპრილს გაემგზავრება, შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავა და ერთკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და „ლესტერ თაიგერსთან“ ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.
რიჩარდ კოკერილი:
„მოუთმენლად ველი ქართულ გუნდთან ერთად ჩემთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებას. „ლესტერს“ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. მოთამაშის თუ მწვრთნელის რანგში, „უელფორდ როუდთან“, რომელსაც უნიკალური ისტორია და აურა აქვს, უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს“.
„ეს თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა „შავი ლომისთვის“ ჩელენჯ თასის წარმატებული, სადებიუტო სეზონის შემდეგ, კიდევ ერთხელ ითამაშოს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ“.
საქართველოს რაგბის კავშირი