„იმ ემოციებზე ახლაც ჟრუანტელი მივლის“ - კვეკვემ გადამწყვეტი პენალტი გაიხსენა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების შედეგად მიღებული ემოციები გაიხსენა.
რა თქვა კვეკვესკირმა:
ამ ემოციებად, ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ქართველების გამარჯვებულ თვალებს ვუყურებდი - სიხარულისგან ცრემლით სავსეს, უბედნიერესს, იმის გამო, რომ მოიგეს და გამარჯვებულები არიან. ეს ყველაზე დიდი ემოცია იყო და ამაზე, ახლაც ჟრუანტელი მივლის. ვიდეოებს დღემდე ყველა უყურებს და სულ ასეთი შეგრძნება მეუფლება.
იმ დღეს, ყველა ქართველ ფეხბურთელს სურდა, რომ ნაკრების ფორმა სცმოდა. მართლა დიდი პრივილეგიაა, რომ შენს ქვეყანას ამ დიდ ასპარეზზე წარმოადგენ.
კოლექციაში, ამ ბუცზე მნიშვნელოვანი, რომელიც იმ თამაშზე მეცვა, არაფერი მაქვს, თუ ერთადერთი იმ მაისურს არ მივამატებთ, რომელიც მეცვა. მაისური მაინც ეროვნული ნაკრებისაა, ეს ბუცი კი კონკრეტული ბრენდისაა. თუმცა, ეს ბუცი შეეხო იმ ბურთს, რომელმაც შემდეგ ხაზი გადაკვეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. სერიაში გადამწყვეტი გოლი სწორედ ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარებენ.