ტუხელისგან ბევრი რამ ვისწავლე - რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩის წინ
ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი მეოთხედფინალით განახლდება. ბუნებრივია უდიდეს ინტერესს იწვევს „ემირეიტსზე“ გასამართი მატჩი, სადაც ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერი „არსენალი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს, რომელმაც ბუნდესლიგის მოგების შანსი პრაქტიკულად ხელიდან გაუშვა და მიუნხენელებისთვის წლევანდელ სეზონში ერთადერთი მიზანი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სეზონს უტიტულოდ დაასრულებენ. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, როგორც მიკელ არტეტამ, ასევე ტომას ტუხელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
რა თქვა არტეტამ
ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანა დგას, რადგან მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი გვეყოლება. მე პირადად ტომას ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვაღიარებ, რომ მისი სამწვრთნელო მეთოდებისგან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. შარშანდელ სეზონში „ბაიერნთან“ მარცხი ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს უკვე ისტორიაა და ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ მათზე უკეთესები ვართ. მარტივად რომ გითხრათ, უნდა ვითამაშოთ ისეთ დონეზე, როგორც ამას ბოლო თვეების განმავლობაში ვაკეთებთ.
რა თქვა ტუხელმა
კარგად გემახსოვრებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ სეზონში არა „არსენალთან“, მაგრამ პრემიერლიგის სხვა წარმომადგენელთან, „მანჩესტერ სიტისთან“ ორი მატჩის ჯამში 1-4 დავმარცხდით. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ანგარიში კანონზომიერი არ იყო და იმ 180 წუთის განმავლობაში ჩემი შეგირდების თამაშით ვამაყობ. იცით, რატომ გავიხსენე მანჩესტერელებთან მატჩები? თუ ახლაც იგივე შემართებით გავალთ მოედანზე, დადებით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
„არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის ისტორიაში გამართული თოთხმეტი შეხვედრიდან ხუთი ლონდონელებმა მოიგეს, შვიდი მიუნხენელებმა, ორ შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.