ოქრიაშვილის დებიუტი და კუტალიას გოლი - დინამოების დერბი ბათუმმა მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური „დინამოების“ დერბით დაიხურა. ტურის ცენტრალური მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, რომელშიც „დინამო ბათუმმა“ „დინამო“ თბილისს უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ანგარიში 34-ე წუთზე ონორე გომისმა გახსნა, 68-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.
იმის მიუხედავად, რომ თბილისელმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქის კართან არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს და გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 70-ე წუთზე „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატს 2023 წელს დაუბრუნდა და „გაგრას“ შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა, თბილისურ კლუბს კი რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
ამ გამარჯვებით, ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. 7 ტურის შემდეგ, ანდრეი დემჩენკოს გუნდს 18 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, მეორეადგილოსან გორის „დილას“ კი 16 ქულა აქვს. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, ანდრეს კარასკოს გუნდი 8 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდებიან, თბილისის „დინამო“ კი „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლებს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტური სტარტს 11 აპრილიდან აიღებს.