საქართველოს ნაკრები, თემურ ქეცბაია, ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ალენ ჟირესი, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით თარგამაძე
Aa
Aa

უხერხული მეტოქე პირველივე ტურში - საქართველო-თურქეთის შეხვედრების სტატისტიკა

ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ტურნირის ერთადერთი დებიუტანტის, საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. ისტორიას თუ გადავხედავთ, მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი და უხერხულია - ხუთი მატჩიდან სამი თურქებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ქართველების ანგარიშზე მხოლოდ ერთი გამარჯვებაა.

ამ გუნდების პირველი მატჩი 2002 წლის 21 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც ალექსანდრე ჩივაძის მომზადებული ნაკრები ტრაბზონში გამართულ ამხანაგურ მატჩში 0-3 დამარცხდა. მე-9, 50-ე და 70-ე წუთებზე გიორგი ლომაიას კარში თითო ბურთი შესაბამისად, არიფ ერდემის, ჩიჰან ჰასპოლატლისა და ნიჰათ ქაჰვეჩის ანგარიშზეა. ის პერიოდი თურქეთის ეროვნული გუნდისთვის ოქროს ხანად ითვლება, რადგან სულ რაღაც ერთი თვის უკან მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ქონდა მოგებული.

ორ წელიწადში თურქებისა და ქართველების გზები უკვე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთა. 2004 წლის 4 სექტემბერს ტრაბზონში გამართულ შეხვედრაში 49-ე წუთზე ფათიჰ თექეს გატანილ ბურთს მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ზუსტი დარტყმით მალხაზ ასათიანმა უპასუხა და თამაში 1-1 დასრულდა. ფრანგი ალენ ჟირესისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო.

2005 წლის 30 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული მატჩი თურქებთან 2-5 მარცხის გარდა, გულშემატკივარს მეკარე აკაკი დევაძის უმძიმესი ტრავმით დაამახსოვრდა, რომელიც ილდირაი ბაშთურქთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან შეჯახებისას იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. რაც შეეხება თამაშს - სტუმართა რიგებში დუბლი ფათიჰ თექემ შეასრულა, თითო ბურთი კი თოლგა სეიჰანის, მუსტაფა ავჩის და თუნჯაი სანლის ანგარიშზეა, რასაც მასპინძლებმა ორი ალექსანდრეს, ამისულაშვილისა და იაშვილის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.

თურქებთან საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გამარჯვება 2007 წლის 7 თებერვალს, დავით სირაძის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა და მაშინ ნაკრებს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი ამზადებდა. ბოლოს კი ეს გუნდები თორმეტი წლის წინ, 2012 წლის 24 მაისს, ნეიტრალურ სტადიონზე, ზინსჰაიმის „რედ ბულ არენაზე“ დაუპირისპირდნენ და თურქეთის ნაკრებმა 3-1 გაიმარჯვა. ჰამიტ ალტინტოპის, ნური შაჰინისა და სელჩუკ ინანის გოლებს შუალედში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული გუნდის რიგებიდან ერთი ბურთით დავით თარგამაძემ უპასუხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი
ევრო 2024-ის მწვრთნელთა შემოსავლები - რომელ ადგილზეა ვილი სანიოლი