კვარა და ბარსელონა | აურელიო დე ლაურენტისის პასუხი ბლაუგრანას
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა და გვაუწყა, რომ მისით „ბარსელონაა“ დაინტერესებული. AS-ის მიხედვით, „ბლაუგრანა“ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და „კვარას“ შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში სწორედ ქართველი ფეხბურთელის მომავალია განხილული. იტალიურ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ კლუბის პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის კვარაცხელია ხელშეუხებელია და Il Mattino-ც ამას ადასტურებს.
როგორც ირკვევა, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა „ბარსელონას“ წარმომადგენლები უკვე უარით გაისტუმრა. ხვიჩას გარდა, ისინი სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერითაც ინტერესდებოდნენ და ნეაპოლელები არც მის გაშვებას აპირებენ. Il Mattino-ს მიხედვით, დე ლაურენტისი „კვარას“ ახალ კონტრაქტს უმზადებს და მისი ხელფასის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და „ატალანტასთან“ გამართული მატჩი გამოტოვა. ხვიჩა „მონცასთან“ დაბრუნდა და საგოლე გადაცემა მიითვალა.