მამუს 23 წუთი და +17 | 2 ოვერტაიმი და სან ანტონიოს დრამატული მარცხი
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში 59-ედ დამარცხდა. გამთენიისას, გრეგ პოპოვიჩის ბიჭები „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდნენ და აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო და „სპურსმა“ 126:133 წააგო.
„სან ანტონიო“ ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყო და საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე, 111:109-ს იგებდა, მაგრამ დაცვაში ცუდად ითამაშა და ტაირიზ მაქსიმ მარტივი ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა. „სპურსს“ მოგება პირველ ოვერტაიმშიც შეეძლო. 121:121-ზე, ვიქტორ ვემბანიამამ ორქულიანი გაუშვა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. „სან ანტონიო“ მეორე ოვერტაიმშიც წინ იყო და 3-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. პოპოვიჩის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ გამოცდილებამ თავისი ქნა.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23 წუთი და 35 წამი გაატარა. „მამუმ“ შეხვედრა 6 ქულით, 7 მოხსნით (1 შეტევაში) და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სანდრომ 6-დან 1 ბურთი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. როცა მამუკელაშვილი პარკეტზე იყო, „სან ანტონიომ“ მეტოქეზე 17-ით მეტი ქულა ჩააგდო, მაგრამ პოპოვიჩმა ოვერტაიმებში ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო არ მისცა.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ - 33 ქულა, 18 მოხსნა, 6 ასისტი, 7 დაფარება. მალაკაი ბრენჰემმა 22 ქულა დააგროვა, ტრე ჯონსმა - 17. „ფილადელფიას“ მხრიდან ტაირიზ მაქსი გამოირჩა - 52 ქულა, 7 ასისტი, 5 მოხსნა. კელი უბრე ჯუნიორს 26 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, „სან ანტონიო“ 19 მოგებითა და 59 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს გამართავს და „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.