მაურო იკარდი, ფენერბაჰჩე
Aa
Aa

სკანდალი თურქეთში  - ფენერბაჰჩემ თურქეთის სუპერ თასი ჩაშალა

თურქეთის სუპერ თასის მატჩი, სადაც სტამბულის კლუბების, „გალათასარაისა“ და „ფენერბაჰჩეს“ დერბი უნდა შემდგარიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი კი „ფენერის“ პროტესტია. თამაშზე გუნდები გამოცხადდნენ და პირველივე წუთზე „გალა“ მაურო იკარდიმ დააწინაურა, რის შემდეგაც „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად სრული შემადგენლობით მოედანი დატოვეს.

რამდენიმე დღის წინ გამართულ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ არ სურდათ სუპერ თასის შეხვედრაში თამაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ისინი მაინც აიძულეს ამ მატჩში გამოსულიყვნენ. თუმცა, როგორც შემდგომში გამოჩნდა, კლუბის ხელმძღვანელები ამას არ დასჯერდნენ და პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრეს - ჯერ სამატჩო განაცხადში მთლიანად 2005-2006 წლებში დაბადებული ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები შეიყვანეს, მერე კი ამას პირველივე წუთზე მათი მხრიდან მოედნის დატოვება დაემატა. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ „ფენერი“ რამდენიმე კვირის წინ „ტრაბზონსპორთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო არის აღშფოთებული, რომლის დროსაც ამ გუნდის ფეხბურთელებს მეტოქე გუნდის ფანები სტადიონზე გამარჯვების აღნიშვნის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის გამო კლუბის ხელმძღვანელები თურქეთის ჩემპიონატის დატოვებასა და სხვა ქვეყნის პირველობაზე თამაშსაც განიხილავენ.

„ფენერბაჰჩეს“ ტექნიკური წაგება 0-3 ჩაეთვალა და „გალათასარაიმ“ ქვეყნის სუპერ თასი ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო. თუმცა, სადისციპლინო კომისია მომხდარ ფაქტზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს და პროტესტის ინიციატორ გუნდს სავარაუდოდ, ტექნიკურ წაგებაზე გაცილებით მძიმე სასჯელი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფენერბაჰჩე ახალ ჩემპიონატს ეძებს | დიდი არეულობა თურქულ ფეხბურთში
ფენერბაჰჩე ახალ ჩემპიონატს ეძებს | დიდი არეულობა თურქულ ფეხბურთში