ბუდუ ზივზივაძე, გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„გვაქვს ამბიცია, რომ მარტო ტურისტებად არ ჩავიდეთ“ - ბუდუ ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ნაკრებისა შემტევმა, ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მარტის ისტორიულ თამაშებზე ისაუბრა და ემოციები გაიხსენა. ქართველმა შემტევმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიზნებსაც შეეხო და თავის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ტურნირის მიმდინარეობისას, ქართველი გულშემატკივრების თავის სახლში მიწვევას გულისხმობს.

რას ამბობს ბუდუ:

ბევრი კომენტარი ვნახე. ხალხი ძალიან ელოდება ზაფხულს და იმას, რომ ჩემთან შეძლებენ დარჩენას. ვნანობ თუ არა ამ შეთავაზებას? რა თქმა უნდა, არ ვნანობ. მართალია, ემოციურ ფონზე ვთქვი, მაგრამ ის ხალხი, ვინც მართლა ვერ შეძლებს სასტუმროს პოვნას, ჩვენთან დარჩენა მართლა შეუძლიათ.

გულშემატკივრების მხარდაჭერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ის სამი გუნდი, რომელიც ჯგუფში გვყავს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქომაგი ჩამოჰყვება. რა თქმა უნდა, ჩვენც გვსურს, რომ ჩვენი ქომაგი აქ იყოს, მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოვხვდით, ახლა კი ფეხბურთელებს სხვა ამბიციები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამასაც ავისრულებთ.

როგორ აღვნიშნე კვეკვესკირის ბოლო პენალტი? როდესაც დაარტყა და ბურთმა ხაზი გადაკვეთა, მაგ დროს ტვინიც სიხარულისგან აფეთქდა. მთელი სტადიონი შემოვირბინე, შემდეგ კი პირველად მამარდაშვილთან გავიქეცი, იმიტომ რომ პენალტების სერიაშიც და ზოგადად, მთელ თამაშში ძალიან მაგარი იყო. შემდეგ გოლის ავტორთან გავიქეცი, მაგრამ ის უკვე ბევრი ხალხი იყო, ცენტრისკენ მოვიხედე და „კაშო“ იდგა მარტო, მისკენ გავიქეცი, იმიტომ რომ თუ ვინმე იმსახურებდა ამ წარმატებას ჩვენი ნაკრებიდან, პირველი ადამიანი, ვინც მახსენდება, გურამ კაშიაა. მან იმდენად მიუძღვნა ფეხბურთს თავისი თავი, რომ ნაკრებიდან ისე არ უნდა წასულიყო, რომ რაღაც დიდ ტურნირზე არ ეთამაშა, იგივე შემიძლია ვთქვა ჯაბა კანკავაზეც. ეს ორი ადამიანები ქართულ ფეხბურთში ყველაზე მისაბაძები არიან. მომავალ თაობას ვურჩევ, რომ მათი თამაშების ყურებით გაიზარდონ.

მართალია, ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები ვართ, მაგრამ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. თუ იქ ყოფნა დავიმსახურეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ძლიერები ვართ. ერთი გამარჯვებაც ჯგუფში წინ წაგვწევს. რა თქმა უნდა, ერთ მოგებაზე არ დავკმაყოფილდებით, გვაქვს ამბიცია და გვყავს ისეთი დონის ფეხბურთელები, რომ ჯგუფიდან გასვლაზე „გავიწიოთ“. გვინდა, რომ ქართველი ხალხი სულ ასეთი ბედნიერი იყოს, მით უმეტეს ევროპის ჩემპიონატზე. როდესაც ამ ისტორიულ ტურნირზე ვითამაშებთ, იქაც გვაქვს ამბიცია, რომ მარტო ტურისტებად და დებიუტანტებად არ ჩავიდეთ.

ბუდუს ვრცელი ინტერვიუ:

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან ჩაატარებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ: ნასვამი არ ვიყავი, ემოციების ხალხთან ერთად გაზიარება მსურდა
ბუდუ: ნასვამი არ ვიყავი, ემოციების ხალხთან ერთად გაზიარება მსურდა