დილა გალიდერდა, სამგურალმა პირველად მოიგო, ტორპედომ გაგრას აჯობა
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-7 ტური მიმდინარეობს. დღის პირველ მატჩში წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალი“ „თელავს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-4 წუთზე ლუკა შეროზიამ გახსნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან შეძლო შოვნაძის კარის აღება. 55-ე წუთზე გიორგი ხაბულიანმა მასპინძელთა შეცდომით კარგად ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 77-ე წუთზე ლუკა ხორხელმა დააფიქსირა და „სამგურალს“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.
7 ტურის შემდეგ „სამგურალი“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, „თელავი“ კი 6 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
დღის მეორე მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც „გაგრა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
ქუთაისელთა მხრიდან ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა, რომელმაც არაბიძის შორეული გასროლის შემდეგ დამატებაზე ყველას აჯობა.
7 ტურის შემდეგ „ტორპედო“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-4 ადგილზეა, „გაგრა“ კი 4 ქულით ბოლო საფეხურზე დაქვეითდა.
დღის დასკვნითი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა ლიდერმა „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
გორელებმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს. „სამტრედიას“ კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ნიკა გაგნიძემ გამოიყენა და თავისი გუნდი დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი აბუბაქარ კონტემ შოთა შეყილაძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 67-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ნიკა გაგნიძის საგოლე პასის შემდეგ შეძლო სტუმართა კარში მესამე გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.
7 ტურის შემდეგ, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ სატურნირო ცხრილში დროებით „დილა“ გალიდერდა. გორელებს 16 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან, თუმცა, ბათუმის „დინამოს“ თამაშს ელოდებიან, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს. თავის მხრივ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერობას დაიბრუნებს. აქვე უნდა ითქვას, რომ „დილას“ მსგავსად, 16 ქულა აქვს „იბერიასაც“, თუმცა, თბილისური კლუბი კონკურენტს ბურთების შეფარდების გამო ჩამორჩება.