შენგელიას 21 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონიას ზედიზედ მე-6 მარცხი
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით ზედიზედ მეექვსე შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად იტალიურ დერბიში დამარცხდა და „ოლიმპია მილანოს“ სტუმრად ვერაფერი დაუპირისპირა - 75:90.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე 23 წუთი და 42 წამი გაატარა და 21 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 10-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი გააფუჭა და 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 5, 2024
La Virtus si spegne nel secondo tempo
???? Shengelia 21, Belinelli 13, Polonara 8, Pajola 7, Dobric 6, Zizic 5, Mickey 5, Abass 3, Lomazs 2, Dunston 2, Lundberg 2, Hackett 1#AmarsiAncora pic.twitter.com/3f0z6kdQ5r
საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარდა, „ვირტუს ბოლონიას“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ მარკო ბელინელიმ გადალახა (13 ქულა). „ოლიმპია მილანოს“ რაც შეეხება, მის რიგებში საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი იყო - 18 ქულა, 11 მოხსნა. სტეფანო ტონუტმა 15 ქულა დააგროვა, ნიკოლო მელიმ - 13.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 17 მოგება და 16 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 გახლავთ. იტალიელები მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს გამართავენ და „ვენეციას“ დაუპირისპირდებიან.