„ვერ წაგიყვან, მილუოლის ფანი ვარ“ | დი კანიოს საინტერესო ისტორია
პაოლო დი კანიომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც „ვესტ ჰემსა“ და „მილუოლს“ შორის არსებულ მტრობას უკავშირდება. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ინტერვიუ Calcio Inglese-ს მისცა და ტაქსის მძღოლზე ისაუბრა, რომელიც „მილუოლის“ გულშემატკივარი აღმოჩნდა.
„ლონდონის ერთ-ერთ უბანში, ნაითსბრიჯში ვიყავი და ტაქსი დამჭირდა. ერთი ავტომობილი გავაჩერე და მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია, შემდეგ კი მკითხა: „სად მიდიხარ?“. ვუპასუხე სადაც მივდიოდი, რის შემდეგაც შემომხედა და მკითხა: „პაოლო დი კანიო ხარ?“
ვუთხარი, ვინც ვიყავი და მიპასუხა: „ვერ წაგიყვან, მილუოლის ფანი ვარ“. გავხედე და ვუპასუხე: „არა უშავს, მგზავრობით სიამოვნებას ვერც მე მივიღებდი“.
ცნობისთვის, დი კანიო „ვესტ ჰემის“ ღირსებას 1999-დან 2003 წლამდე იცავდა. „ჩაქუჩების“ მაისურით მან მონაწილეობა 139 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 50 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემაა.