კვარაცხელია ხელშეუხებელია | დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ზაფხულში დიდი წმენდის ჩატარებას აპირებს. „პარტენოპეის“ პირველი პირის გეგმებზე ნეაპოლური კლუბის ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა, ვალტერ დე მაჯომ ისაუბრა და საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარა.
„დე ლაურენტისს ანტონიო კონტეს დანიშვნა სურს. სატრანსფერო აქტივობას რაც შეეხება, ნაპოლის სავარაუდოდ 9 ფეხბურთელი დატოვებს. გუნდიდან აუცილებლად წავლენ ვიქტორ ოსიმენი და პიოტრ ჟელინკსი. მათ გარდა, გაუშვებენ 4 მოთამაშეს, რომლებმაც პრეზიდენტს იმედი გაუცრუეს, 3 ფეხბურთელს კი ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს. ზაფხულში, გუნდში რევოლუცია მოხდება“.
„ნაპოლის“ გეგმებზე Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მოდუნიომაც ისაუბრა: „ჭორები ესპანეთიდან, რომ ბარსელონას კვარაცხელიას გადაბირება უნდა, საერთოდ არ მაკვირვებს. ასეთ გუნდებს ხვიჩასნაირი ფეხბურთელები ძალიან მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ დე ლაურენტისისთვის ვინმეს ხელშეუხებელი ფეხბურთელის სტატუსი აქვს, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. თუ საფეხბურთო პროექტის ახლიდან აშენება გახდება საჭირო, პრეზიდენტი მის ცენტრში ქართველ ფეხბურთელს მოიაზრებს“.
იტალიური პრესის ცნობით, გუშინ, დე ლაურენტისი „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა და ფეხბურთელებთან 20-წუთიანი შეხვედრა გამართა. იგი მოთამაშეებს გულახდილად დაელაპარაკა და აუხსნა, რომ სეზონის მაქსიმალურად კარგად ჩამთავრება აუცილებელია. ცნობისთვის, „ნაპოლის“ 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 გახლავთ. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას „მონცასთან“ გამართავს.