AS: ბარსელონა კვარას ტრანსფერზე მუშაობს - კონტაქტი შედგა
„ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და როგორც ჩანს, ზაფხულში მის შეძენასაც შეეცდება.
ცნობილი იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი წერს, რომ „ბარსლეონამ“ „ნაპოლის“ კვარას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სთხოვა.
იტალიური წყარო ესპანურ As-ს ეყრდნობა და წერს, რომ კატალონიელებს ქართველის მიმართ ძლიერი ინტერესი აქვთ. თუმცა ამ მომენტისთვის, დე ლაურენტისის გეგმებში ხვიჩას გაშვება არ შედის, თუ მის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს არ შესთავაზებენ.
წყაროს თანახმად, „ბარსელონას“ წარმომადგენლებსა და „ნაპოლის“ შორის კონტაქტი უკვე შედგა. კატალონიელებს სურთ შემადგენლობა გააძლიერონ და კლუბი მწვერვალებს დაუბრუნდეს. ხვიჩა კი მათ სიაში მოწინავეა.
„ბარსასთვის“ ეს საკმაოდ რთული ოპერაცია იქნება, რადგან დე ლაურენტისს ახალი გუნდის ხვიჩას ირგვლივ აშენება სურს. თუმცა მის მიერ შეთავაზებული 3 მილიონი ევრო, რომელიც ბონუსებით მაქსიმუმ 4.5 მილიონამდე გაიზრდება, „ნაპოლის“ კვარას შენარჩუნების შანსებს უმცირებს.
„ბარსელონაც“ და ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებიც, კვარაცხელიას გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, ვიდრე ამას „ნაპოლი“ აკეთებს.
ბოლოს გეტყვით, რომ ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისიც და ფეხბურთელის მამა ბადრიც, კვარას „ბარსელონაში“ თამაშის მომხრეები არიან, თუმცა თავად ფეხბურთელს „რეალი“ უფრო იზიდავს. საბოლოოდ, „სამეფო კლუბის“ ვარიანტი გამოირიცხა, რადგან „ლოს ბლანკოსი“ კილიან მბაპეს ყიდულობს.