ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„მასზე ინადირებენ და 2-3 ფეხბურთელი აიყვანს“ | ჯანაშია კვარასა და ნაკრებზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ Metaratings-ს ინტერვიუ მისცა და „ჯვაროსნების“ წარმატებაზე ისაუბრა. ჯანაშიას თქმით, ვილი სანიოლის გუნდს ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეიოფში გასვლაც შეუძლია.

„საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მთელი ღამე აღვნიშნავდი. საოცარი ემოცია მივიღე და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევაც შეგვიძლია. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მგონია, ძალიან კარგად გამოვალთ. ევროს დაწყებამდე, ბიჭები მოუმატებენ და როცა ფეხბურთელი გამარჯვების გემოს იგებს, უკეთესი ხდება. მათ გაიგეს, გამარჯვებას რა გემო აქვს და გაუკვირდათ, როცა ნახეს, ქართველები როგორ ქომაგობდნენ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და დიდი შედეგებისკენ მივისწრაფვით. ჩემი აზრით, შეგვიძლია, საქართველოს საფეხბურთო ქვეყანა ვუწოდოთ და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი გერმანიაში ჩავა და ნაკრებს გაამხნევებს. ჩემი მეგობრები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ, ნეაპოლში მიდიოდნენ, რათა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ენახათ.

რას მოგვცემს ევროპის ჩემპიონატი? პატარა ქვეყანა ვართ და თუ ევროზე წარმატებას მივაღწევთ, ქართველ ფეხბურთელებს უფრო დიდ ყურადღებას მიაპყრობენ. საფეხბურთო ქვეყანა ვართ, მაგრამ ბევრი კარგი მოთამაშე იკარგება. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სკაუტები ადგილობრივ ფეხბურთს დიდ ყურადღებას მიაქცევენ.

როცა ნაპოლი თამაშობს, ქართველები თავიანთ საქმეს ტოვებენ, რათა ფეხბურთს უყურონ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს, როცა გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას კარს იცავს. სასიამოვნოა, როცა ჩვენი ბიჭები ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ. რამდენადაა გუნდის თამაში კვარაზე დამოკიდებული? ყველამ იცის, რომ ხვიჩა ნაკრების უძლიერესი წევრია. საბერძნეთთან შეხვედრაში მას ფეხებში ბევრჯერ ჩაარტყეს და ყველა მატჩში მოუწევს ამის ატანა. მასზე სულ ინადირებენ და ყოველთვის 2-3 ფეხბურთელი აიყვანს. მას ნებისმიერი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია, მაგრამ მომატების პოტენციალიც აქვს. მისი სამი ძლიერი მხარე? დრიბლინგი, სისწრაფე და მოწინააღმდეგის მოტყუების უნარი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ჩეხეთი, თურქეთი და პორტუგალია არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ის რეიტინგი | რუსების უკმაყოფილება და სიომინის ღირსეული ჟესტი
Transfermarkt-ის რეიტინგი | რუსების უკმაყოფილება და სიომინის ღირსეული ჟესტი