გუნდს შეუერთდა, მაგრამ სრული დატვირთვით არ ავარჯიშეს - ბოლო ცნობები კვარაცხელიაზე
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კლუბმა საკუთარ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
რა წერია „ნაპოლის“ განცხადებაში:
„ნაპოლიმ“ დღეს დილით სერია A-ს 31-ე ტურის მატჩისთვის, რომელიც „მონცას“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, KONAMI-ს საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა. გუნდმა მე-3 მოედანზე ივარჯიშა. სეანსი გახურებით დაიწყო, შემდეგ კი ტაქტიკური და ტექნიკური სამუშაოებით გაგრძელდა. ვარჯიში პატარა მოედანზე თამაშით დაიხურა.
ნგონგემ და კვარაცხელიამ თავდაპირველად ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, შემდეგ კი სეანსის ნაწილი გუნდთან ერთად შეასრულეს.
დღესვე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბი ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობით კმაყოფილია და დიდი შანსია, ქართველი ფეხბურთელი „მონცას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა საქართველოსა და საბერძნეთის მატჩში მიიღო, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა პენალტების სერიაში, 4:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ტრავმის გამო ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასული ტური გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. „მონცას“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 7 აპრილს, საქართველოს დროით 17:00 საათზე გაიმართება.