ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სალიცენზიო ტურნირზე - საგზურისთვის ექვსი ქართველი იბრძოლებს
ხვალ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრება, სადაც ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მხოლოდ ევროპელი სპორტსმენები იასპარეზებენ. საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას ექვსი მოჭიდავე ლერი აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) შეეცდება.
ლიცენზიები აქამდე ჯერჯერობით მხოლოდ სამ ტურნირზე გათამაშდა - შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც თითოეულ წონით კატეგორიაში ხუთმა საუკეთესომ შეასრულა ოლიმპიური ნორმატივი და ორ კონტინენტურ სალიცენზიო შეჯიბრებაზე. ვინც ბაქოში საგზურს ვერ მიიღებს, მას წლის მთავარ სპორტულ მოვლენაზე მოსახვედრად კიდევ ერთი შანსი მაისში მიეცემა, როდესაც ბოლო სალიცენზიო ტურნირი ჩატარდება.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს ჯერ არც ერთი ლიცენზია არ აუღიათ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან კი ოლიმპიური თამაშების საგზური გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვთ განაღდებული.