საქართველოს ნაკრების პროგრესი! - FIFA-ს განახლებული რეიტინგი
მარტის სანაკრებო თამაშების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი FIFA-ს რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა.
აპრილის თვეში, ჩვენმა გუნდმა ისრაელისა და გვინეას ნაკრებებს გადაასწრო და 1333.6 ქულით 75-ე პოზიციაზე აღზევდა, მარტში კი 1312.45 ქულით 77-ე საფეხურზე იყო.
შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა პლეი-ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, 26 მარტს კი პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 მოუგო და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ცვლილებებია რეიტინგის ათეულშიც. ბელგიის ნაკრებმა ინგლისს გადაასწრო და მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა, პორტუგალიამ კი ნიდერლანდებს გაასწრო და მე-6 ადგილს იკავებს.