გამოტოვებს თუ არა აკა ტაბუცაძე ზაფხულის ტესტ-მატჩებს? რაგბის კავშირის განმარტება
რაგბი ევროპამ საქართველოს ნაკრების მორაგბე აკა ტაბუცაძე 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები იმის თაობაზე, რომ მას ივლისში ფიჯელებთან, იაპონელებთან და ავსტრალიელებთან ტესტ-მატჩების გამოტოვება მოუწევდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
სადისციპლინო კოდექსში წერია, რომ სასჯელი როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო თამაშებზე ვრცელდება და თუ ივლისამდე “შავ ლომი” კალენდარულ მატჩებს ჩაატარებს, შესაძლოა ტაბუცაძემ დისკვალიფიკაცია კლუბის ხარჯზე მოიხადოს და ეროვნული გუნდის თამაშებისთვის მზად იყოს. ბორჯღალოსნების მე-14 ნომერს რაგბი ევროპის სადისციპლინო კომიტეტი პორტუგალიელებთან ფინალში გამოჩენილი უხეშობისთვის სჯის - როგორც განცხადებაში წერია, ერთ ეპიზოდში, როდესაც თამაში გაჩერებული იყო, მან მეტოქეს ჯერ თავში ჩაარტყა იდაყვი და შემდეგ სახის არეშიც იყო კონტაქტი, რაც არბიტრებს გამოეპარათ.
40 შეხვედრაში დადებული 37 ლელოთი აკა ტაბუცაძე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.