ბორჯღალოსნები იტალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავენ
საქართველოსა და იტალიის მორაგბეთა ნაკრებები მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ერთმანეთის წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ. ინფორმაცია Sky Sports-ის გვერდზე ვრცელდება.
გამოცემის ცნობით, შეხვედრა 17 ნოემბერს, იტალიაში გაიმართება, „კრისტალსპორტის“ ინფორმაციით კი მატჩი რომში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებისა“ და იტალიის ნაკრების შეხვედრა აქამდე 5-ჯერ გამართულა. 4 მატჩში გამარჯვება იტალიელებმა მოიპოვეს, ბოლო შეხვედრა კი, რომელიც „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, ქართველი მორაგბეების გამარჯვებით - 28:19 დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე აქვს დაგეგმილი ზაფხულის ტესტები. ოფიციალური ინფორმაციით, „ბორჯღალოსნები“ 5 ივლისს, „ბათუმი არენაზე“ ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 13 ივლისს სტუმრად იაპონიის ნაკრებს შეხვდებიან, 20 ივლისს კი კვლავ სტუმრად, ავსტრალიის ნაკრებს შეერკინებიან.
„კრისტალსპორტის“ ინფორმაციით, შემოდგომაზე ჩვენი გუნდი იტალიის ნაკრების გარდა კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს, თუმცა, მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდება.