ევრო 2024-ის ფავორიტები | რომელ ადგილზეა საქართველო The Guardian-ის რეიტინგში
The Guardian-მ ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. ცნობილ ბრიტანულ გამოცემას მთავარ ფავორიტად საფრანგეთი მიაჩნია, საქართველოს კი, რომელიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, ყველაზე სუსტ გუნდად თვლის.
The Guardian-ის რეიტინგში „ჯვაროსნები“ 24-ე პოზიციაზე არიან. F ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხებათ, პორტუგალია მეხუთე გახლავთ, ჩეხეთი მე-17 ადგილზე იმყოფება, ხოლო თურქეთი მე-20 ნომერია.
ცნობილი ბრიტანული გამოცემის მიხედვით, საფრანგეთის შემდეგ, ევროპის ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი ინგლისს აქვს. „სამ ლომს“ ტურნირის მასპინძელი, გერმანია მოჰყვება, ხოლო ესპანეთი მეოთხე გახლავთ. ნიდერლანდები, ბელგია და იტალია მეექვსე, მეშვიდე და მერვე პოზიციებს იკავებენ. ხორვატია მეცხრეა, ავსტრია - მეათე.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩავერთვებით და დორტმუნდში თურქეთს შევხვდებით (20:00), ვილი სანიოლის გუნდი მეორე ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ჰამბურგი უმასპინძლებს და მას 22 ივნისს, თბილისის დროით, 17:00-დან ვიხილავთ. მესამე ტურს რაც შეეხება, ჩვენი ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გელზენკირხენში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.