ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | სანდროს კარგი მატჩი მოქმედ ჩემპიონთან
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონს, „დენვერ ნაგეთსს“ დიდი ბრძოლა გაუმართა. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრის რანგში იყო და გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უკეთ „დენვერის“ მოთამაშეებმა იასპარეზეს.
მთელი მატჩი ქულა-ქულაში წარიმართა. „ნაგეთსმა“ პირველი ტაიმი 55:54 მოიგო და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე, 1-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა - 86:85. ბოლო მეოთხედში, სანდროს წყალობით, „სან ანტონიო“ წინ გავიდა. „მამუმ“ ზედიზედ 5 ქულა აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 100:99. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე, ანგარიში 105:105 იყო, თუმცა მაიკლ პორტერ ჯუნიორმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და „დენვერმა“ საქმე ბოლომდე მიიყვანა - 110:105.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 24 წუთი და 7 წამი გაატარა. „მამუს“ ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა და მატჩი 10 ქულით, 9 მოხსნითა (5 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ბურთი (4-დან 2 სამიანი, 4-დან 1 ორიანი) ჩააგდო და ორივე საჯარიმო გამოიყენა. მის პასივში 1 დაკარგვა და 1 ჯარიმა იყო.
„სან ანტონიოს“ რიგებში ბრწყინვალე იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 9 დაფარება. მალაკაი ბრენჰემმა 24 ქულა გააკეთა, ზაკ კოლინსმა - 13. „ნაგეთსს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა - 42 ქულა, 16 მოხსნა, 6 ასისტი, 2 დაფარება. აარონ გორდონს 23 ქულა ჰქონდა, მაიკლ პორტერ ჯუნიორმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა, 16 მოხსნა.
ცნობისთვის, „სან ანტონიომ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო გახლავთ. „სპურსს“ 18 მოგება და 58 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრა 6 აპრილს, „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ ელის.