გიორგი არაბიძე, სტივ კინი
Aa
Aa

კინი: პრემიერ ლიგაში რომ ვმუშაობდე, უპირველესად არაბიძეს წავიყვანდი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში 10-კაციანმა ქუთაისის „ტორპედომ’’ ფოთის „კოლხეთი 1913’’ 3:2 დაამარცხა.  გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა, 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, ორივე გოლი ბრწყინვალე იყო, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე გოლი გამოვიდა.

მატჩის შემდეგ „ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა გიორგი არაბიძეზე ისაუბრა: "დღესაც რომ პრემიერ ლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია".

მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26 წლის გიორგი არაბიძემ ექვს მატჩში 4 გოლი გაიტანა. 

ამ გამარჯვებით „ტორპედომ'' 9 ქულა დააგროვა, მე-4 ადგილზეა და მე-5 პოზიციაზე მყოფ „კოლხეთს'' 1 ქულით გაუსწრო. შემდეგ ტურში „ტორპედო'' „გაგრას'' ესტუმრება (7 აპრილი, 20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები