ნეიმარის მამა: “სანტოსში დაბრუნება სასიამოვნო იქნება“
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი „სანტოსის“ ხელმძღვანელობას გუნდში დაბრუნებას დაჰპირდა. 32 წლის შემტევი ამას 2025 წელს გეგმავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის მამამ Radio FM Futebol Club-თან ისაუბრა.
ნეიმარის მამა:
„“სანტოსთან“ ბევრი რამ გვაკავშირებს და ყველამ იცის, თუ როგორი სიყვარული გვაქვს ამ კლუბის მიმართ. ჩემმა შვილმა კარიერა სწორედ იქ დაიწყო და უკან დაბრუნება სასიამოვნო იქნება. ამაზე ოცნება შესაძლებელია, მაგრამ მშვიდად უნდა ვიყოთ. ჩემს შვილს კიდევ აქვს დრო, რომ კარიერა ბრაზილიის გარეთ გააგრძელოს.
ადრე თუ გვიან „სანტოსში“ დაბრუნება გარდაუვალი იქნება, მაგრამ მინდა დღევანდელ რეალობაში დავრჩეთ. ახლა პირველ რიგში ნეიმარის გამოჯანმრთელებაზე უნდა ვიფიქროთ. ის თავის დონეზე უნდა დაბრუნდეს. რთული ტრავმა აქვს და 100%-ით უნდა გამოჯანმრთელდეს. ჩემი აზრით, აგვისტოში ან სექტემბერში დაბრუნდება.“
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის, 32 წლის ბრაზილიელი ტრავმირებულია. მას მუხლის ჯვარედინი მყესი 2023 წლის 18 ოქტომბერს გაუწყდა და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ჯერჯერობით ბარსას ყოფილი შემტევის დაბრუნების თარიღი ცნობილი არ არის. რამდენიმე კვირის წინ, ნეიმარის ექიმმა განაცხადა, რომ ფიზიოთერაპიის კურსი 5 თვეში დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თავად ნეიმარმა „ალ ჰილალი“ აირჩია.
ნეიმარმა დღემდე „ალ ჰილალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 5-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.