“ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი“ - ვარანის კარიერის საშინელი დღე
ფეხბურთი ტრავმების გარეშე წარმოუდგენელია. რაფაელ ვარანმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის დაზიანება მიიღო და როგორც აღმოჩნდა დღემდე აწუხებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრანგი უკანახაზელი გამოცემა L’EQUIPE-ს ესაუბრა.
ვარანი:
„2014 წელს, ნიგერიასთან მატჩის დროს ტვინის შერყევა მივიღე, მაგრამ მოედანი არ დავტოვე. მატჩი დავასრულე, მაგრამ ავტოპილოტის რეჟიმში ვითამაშე. იმ დროს ვინმე რომ დამლაპარაკებოდა, არც კი ვიცი შევძლებდი თუ არა პასუხის გაცემას. იმ პერიოდში ნორმალურ მდგომარეობაში არ ვიყავი. წონაში დავიკელი, რადგან დეჰიდრატირებული ვიყავი. ფორმიდანაც ამოვვარდი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მაინც გავაგრძელე.
ვფიქრობ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი 7 წლის შვილი ფეხბურთს თამაშობს და ვურჩევ, რომ ბურთს თავი არ დაარტყას. თავის ტრავმამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში შოკური მდგომარეობა გამოიწვიოს. არ ვიცი ვიცოცხლებ, თუ არა 100 წლამდე, მაგრამ ვიცი, რომ სხეული დავიზიანე. ამას ვგრძნობ..“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფაელ ვარანის სათამაშო ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია. ამის გამო მას „იუნაიტედიდან“ წასვლასაც უწინასწარმეტყველებდნენ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგი ცენტრალური მცველის გადაბირება არაბულ კლუბებს სურდათ, თუმცა თავად ფეხბურთელმა ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა. მისი „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება.